‘თუ საქართველოს დავამარცხებთ, პუტინმა გმირის წოდება უნდა მომანიჭოს’ – რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლილ ჯონსი ხუმრობით აცხადებს, რომ თუ მისი გუნდი საქართველოს დამარცხებას შეძლებს, ვლადიმერ პუტინმა მას გმირის წოდება უნდა მიანიჭოს.
უელსელმა სპეციალისტმა, თავდაპირველად, ის კომპონენტები დაასახელა, რაშიც საქართველოს ნაკრები რუსეთს ულაპარაკოდ ჯობნის.
“პირველი – ფიზიკური კონდიცია. მეორე – გამოცდილება. შემოდგომის ერთა თასზე, საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ტოპ გუნდების წინააღმდეგ ეთამაშა. მათ ამ მატჩებიდან ბევრი რამ ისწავლეს. მესამე – თავდაჯერებულობა, რადგან ისინი რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ არასოდეს დამარცხებულან. ფსიქოლოგიური უპირატესობა საქართველოს მხარესაა. თუმცა, ჩემი საქმეა, რუს მოთამაშეებს დავაჯერო, რომ მოგება შეუძლიათ.
თუ საქართველოს ნაკრებს დავამარცხებთ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ვისურვებდი, რათა მან გმირის წოდება მომანიჭოს, იური გაგარინის მსგავსად”, – ციტირებს ლილ ჯონსის სიტყვებს Rygger.info.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩში რუსეთს 7 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა კოვიდ-პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო.