თურქეთში ხუთი ქართველი ფეხბურთელი ქურდობისათვის დააკავეს
თურქული გამოცემების ცნობით, ანტალიაში “ცხინვალის” ხუთი ქართველი ფეხბურთელი ქურდობისათვის დააკავეს.
CNN-ის თურქული ბიუროს ვებ-გვერდი იუწყება, რომ ინციდენტი 20 თებერვალს მოხდა. სავაჭრო ცენტრის დახურვის დროს აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი მაღაზიიდან სპორტული ჟაკეტი, სპორტული ფეხსაცმელი, შორტები და კიდევ ცხრა დასახელების ნივთი გამქრალი იყო.
სავაჭრო ცენტრის ოფიცერებმა პოლიცია გამოიძახეს. ვიდეოკამერების შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ქურდობა დაახლოებით 17:45 საათზე მოხდა. ეჭვმიტანილები სავაჭრო ცენტრიდან ბელეკში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში წავიდნენ, სადაც “ცხინვალი” შეკრებაზე იმყოფება.
პოლიციამ “ცხინვალის” ფეხბურთელები – გიორგი ბ., კახა კ., პაპუნა მ., დათა ს. და გურამ მ. დააკავა.
ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე “ცხინვალი” თურქეთში შეკრებას 17 თებერვლიდან გადის.