თურქული ბოიკოტი: “ბეშიქთაშმა” თასის ნახევარფინალში “ფენერბაჰჩესთან” არ ითამაშა
“ბეშიქთაშმა” თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა და “ფენერბაჰჩესთან” თასის ნახევარფინალურ ეტაპზე სათამაშოდ არ გამოცხადდა.
როგორც იცით, 19 აპრილს ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი (პირველი – 2:2) 57-ე წუთზე ჩაიშალა, როდესაც “ბეშიქთაშის” მთავარ მწვრთნელს თავში მძიმე საგანი მოარტყეს. შენოლუ გუნეშს ხუთი ნაკერი დაადეს თავზე და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.
რაც შეეხება სასჯელს, “ფენერბაჰჩე” თურქეთის სადიციპლინო კომიტეტმა 210 000 ევროთი დააჯარიმა, “ბეშიქთაში” კი – 10 000-ით. მატჩი 3 მაისს უნდა გაგრძელებულიყო 57-ე წუთიდან, როდესაც ანგარიში 0-0 იყო.
თუმცა, “ბეშიქთაშის” ხელმძღვანელებს ეს არ აწყობდათ და პროტესტი ბოიკოტის გზით გამოხატეს. თავის მხრივ, ფინალში გასული “ფენერბაჰჩე” “ბელედიესთან” გასამართი მატჩისთვის ემზადება.