თუშიშვილმა როი მეიერს შეაგინა – ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის კომენტარი (ვიდეო)
31 აგვისტოს, იაპონიაში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა იასპარეზა, რომელიც უმედლოდ დარჩა. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნახევარფინალში იაპონელ ჰარასავასთან დამარცხდა, შემდეგ კი ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრა ჰოლანდიელ როი მეიერთან დათმო.
მეირმა თუშიშვილს შეხვედრის საწყის წამებში ვაზარი აუღო. ქართველ ძიუდოისტს ეტყობოდა, რომ მას განწყობის პრობლემა ჰქონდა. ამას ემატებოდა ჰოლანდიელი მეტოქის ილეთების ცრუ მცდელობები, რამაც თუშიშვილი წყობილებიდან გამოიყვანა – ორთაბრძოლის დასრულებამდე 18 წამით ადრე ტატამიდან ქართული გინების ხმა ისმის.
2 სექტემბერს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, მარიუს ვიზერმა სოციალურ ქსელ Twitter-ში მომხმარებელთა შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა თუშიშვილი-მეიერის დაპირისპირებაში მომხდარს ეხება. შეკითხვა იაპონური სახელით დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა (陽斗 遥斗) დასვა.
陽斗 遥斗: “ჩვენ ყველამ ვნახეთ, სამარცხვინო ფაქტი, როდესაც მსოფლიო ჩემპიონმა თუშიშვილმა მეიერთან შეხვედრის დროს (3:41) თქვა: “შენი დედა…” ამისათვის შესაბამისი სასჯელი არსებობს. როგორი იქნება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პასუხი? ამ ფაქტის დამალვას აპირებთ თუ საკითს შეისწავლით?”
მარიუს ვიზერის პასუხი: “საქმეში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კომისიას ჩავრთავთ და ძიუდოს ქარტიის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ.”
陽斗 遥斗: “მადლობა პასუხისათვის. ველოდები თქვენ გადაწყვეტილებას. იმედი გვაქვს, წესების მიხედვით იხელმძღვანელებთ და მისი ტიტული მისთვის იმუნიტეტი არ იქნება.”
I hope you will answer to me #AskVizer @MariusVizer @Judo https://t.co/Cv16gs1cF3
— 陽斗 遥斗 (@HarutoHaruto789) September 2, 2019
We will turn to our IJF Ethics Commission and follow the charter of judo. #AskVizer
— Marius Vizer (@MariusVizer) September 2, 2019
რაც შეეხება მომხმარებელ 陽斗 遥斗-ს (@HarutoHaruto789), ის სოციალურ ქსელ Twitter-ში 1 ან 2 სექტემბერს დარეგისტრირდა. მას საკუთარ გვერდზე რამდენიმე პოსტი აქვს გამოქვეყნებული, აქედან ორი კი თუშიშვილი-მეიერის შეხვედრაში მომხდარს ეხება.