თუთბერიძე-სამუშია-რიგვავას თითო გოლი და ლომიას ჰეთრიკი
ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ, ადგილობრივ ფეხბურთელებთან ერთკვირიანი ვარჯიშები, საკონტროლო მატჩით დაასრულა. წინათ ვიუწყებოდით, რომ ამხანაგურ მატჩში, ადგილობრივი ფეხბურთელებით შემდგარ გადახალისებულ შემადგენლობას ვიხილავდით და ასეც მოხდა. შეროზიამ საკონტროლო მატჩში, ძალიან ბევრ ჭაბუკთა ლიგის ფეხბურთელსაც უხმო. ზუგდიდელთა დამრიგებელმა ტესტ-მატჩში ახალი სახეებიც გამოიყვანა მინდორზე, მაგრამ ვინაიდან გუნდის ძირითადი ბირთვი, შეკრებას 5 იანვარს იწყებს, შემადგენლობას ამიტომაც არ ვასახელებთ. ამ შეხვედრაში კი ბესიკ შეროზიამ გუნდები ყვითელ-მწვანეებად დაჰყო და ახალბედა ფეხბურთელები ორივე შემადგენლობაში შეიყვანა. ანგარიში შოთა ლომიამ გახსნა, რომელმაც გატანილი გოლიდან ათ წუთში დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმის მიწურულს სხვაობა ჭაბუკთა ლიგი ფეხბურთელმა, დიმიტრი თუთბერიძემ შეამცირა.
მეორე ტაიმში წონასწორობა ცოტნე სამუშიამ აღადგინა, თუმცა ცოტა ხანში ისევ შოთა ლომიამ იყოჩაღა, და (პირობითად) საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თვითონ კი ჰეთრიკი შეასრულა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დათა რიგვავას შორეული, ძლიერად დარტყმული ბურთი, კარის ბადეში გაეხვა და სპარინგ-მატჩიც ფრედ, 3:3 დასრულდა.
ს.კ. „ზუგდიდი“ უკვე ახალი წლის დასწყისში, 5 იანვარს შეიკრიბება და გუნდი ვარჯიშებს განაახლებს, ხოლო 12 იანვრამდე, სანამ ბესიკ შეროზია, საკუთარ ფეხბურთელებს ორჯერადი ვარჯიშებით დატვირთავს, მანამდე ზუგდიდელი ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.
fczugdidi.ge