თვითმფრინავების ომი ანუ როგორ დავბომბეთ მშვიდობიანად “დინამო არენა”
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყაზახეთის ნაკრები 2-1 დაამარცხა და D დივიზიონი საუკეთესოდ, 16 ქულით დაასრულა.
მაყურებელს ტრიბუნაზე სასიამოვნო სიუპრიზი დახვდა, საქართველოს დროშის ფერების წარმოსადგენად ტრიბუნაზე თეთრი და წითელი ფურცლები იყო, რომლებიც ჰიმნის შესრულებისას გულშემატკივარს უნდა აეწია და ლამაზი ფონი შეექმნა.
ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დაგეგმილი გახლდათ და გულშემატკივარმა სტადიონზე იდეალური ფონი და გარემო შექმნა გასამარჯვებლად, თუმცა მაინც დაფიქსირდა საინტერესო და კურიოზული მომენტები, რომლებმაც შეკრებილი ხალხი ძალზე გაამხიარულა.
წითელი და თეთრი ფურცლები ფანებმა პირველი ტაიმის მე-20 წუთიდან ე.წ. ქაღალდის თვითმფრინავებად გამოიყენეს და მწვანე საფრის მიმართულებით სროლა დაიწყეს. რამდენიმე მსგავსმა კონსტრუქციამ პრაქტიკულად მიაღწია მიზანს და მოედანზეც აღმოჩნდა. ერთ-ერთმა განსაკუთრებით გაშალა ფრთები, არწივის მედიდურობით მიიწევდა ჯაბა კანკავასკენ, თუმცა ჯაბას “სათამაშოდ” ნამდვილად არ ეცალა.
საფრენი აპარატების საჰაერო სივრცის შესაზღუდად პრაქტიკაში პირველად გამოიყენეს ხმოვანი სიგნალი და მატჩის დიქტორმა გულშემატკივარს ფურცლების სროლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
“თვითმფრინავების ომი – ანუ როგორ დავბომბეთ მშვიდობიანად “დინამო არენა” – ეს სათაური Sky Sport-ს ან Marca-ს არ დაუწერია, მაგრამ გადაწერის უფლებას ვაძლევთ.