ტიაგუ სილვა: “ემერის ავტორიტეტს პატივს ვცემ, მაგრამ…”
ლონდონის “ჩელსის” მცველმა ტიაგუ სილვამ განაცხადა, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ყოფილ მთავარ მწვრთნელ უნაი ემერისთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი პარიზულ გუნდს 2016-2018 წლებში თავკაცობდა.
“ერთმანეთს ხშირად არ ვეთანხმებოდით. ის მბრძანებელი იყო. კი ბატონო, სწორედ ამისთვის უხდიან ხელფასს და მე მის ავტორიტეტს პატივს ვცემ, მაგრამ… ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, რომელშიც ჩვენი მეტოქე მადრიდის “რეალი” იყო, სათადარიგოთა სკამზე დავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ ემერის ცაცია ცენტრალური მცველი სჭირდებოდა.
სწორედ ეს იყო მისთვის გამამართლებელი საბაბი. ამის შესახებ პირველად ვყვები. ამ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. მან სათადარიგოთა შორის დატოვა ანხელ დი მარიაც და ჩვენ 1:3 დავმარცხდით. მეორე მატჩში მას უკვე აღარ სჭირდებოდა ცაცია ცენტრალური მცველი.
მან მე სასტარტო შემადგენლობაში დამაყენა. ასეთ რამეს ფეხბურთელი ვერ გაიგებს. ეს ემერის ქმედებათა ერთ-ერთი მაგალითი იყო”, – ტიაგუ სილვას კომენტარი “ფრანს ფუტბოლმა” გამოაქვეყნა.
როგორც მოგეხსენებათ, უნაი ემერი დღესდღეობით “ვილიარეალს” უდგას სათავეში.