ტიერი ანრის “არსენალში” დაბრუნება სურს
ვეტერანმა ფრანგმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა. 37 წლის ფეხბურთელს “ნიუ იორკ რედ ბულსთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება.
ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ ანრის “მეთოფეთა” სამწვრთნელო შტაბში სიამოვნებით იხილავდა, თუმცა მან მანამდე გარკვეული სამწვრთნელო გამოცდილება უნდა მიიღოს.
“ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. არ მიმიღია არც რაიმე გადაწყვეტილება და არც რაიმე წინადადება, ეს არ არის ჩემი საქმე.
ერთ რამეს კი დანამდვილებით გეტყვით: ფეხბურთში დავრჩები – მწვრთნელად ან კონსულტანტად. მინდა ერთხელაც ვიხილო, როგორ იგებს “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის თასს.
ჩემზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, რა თქმა უნდა, მინდა, რომ გუნდს დავეხმარო. ეს ჩემი კლუბია და ფეხბურთელის რანგში “არსენალს” ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვაგებინე”, – განაცხადა ანრიმ L’Equipe-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.