ქომაგებმა „მილანს“ სტადიონის გასასვლელი გადაუკეტეს
„მილანსა“ და „ჯენოას“ შორის იტალიის სერია A-ს XIII ტურში გამართული მატჩის (1:1) შემდეგ, „როსონერის“ აღშფოთებულმა 300-მდე ქომაგმა სტადიონის გასასვლელი გადაკეტა და გუნდებს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში არენიდან გასვლის საშუალება არ მიეცათ. ფან-კლუბ Curva Sud-ის წევრები ფეხბურთელებთან შეხვედრას ითხოვდნენ.
ქომაგების ერთ-ერთ ბანერზე ასეთი რამ ეწერა: „საპნის ოპერას დაემსგავსეთ: მთელი ეპოქის წარმატება რამდენიმე თვეში დაანგრიეთ“.
როგორც მოგეხსენებათ, „მილანმა“ საკუთარ მოედანზე ათკაციან „ჯენოას“ ვერ მოუგო. „შავ-წითლები“ სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო ქვემოთ დაეშვნენ და ახლა 14 ქულით მე-11 პოზიცია აქვთ დაკავებული.
პროტესტანტებთან შესახვედრად ჯერ მარიო ბალოტელი გაემართა, თუმცა სამართალდაცავებმა ის აღშფოთებულ ქომაგებამდე არ მიუშვეს. მოგვიანებით ტიფოზებს კაკა და კრისტიან აბიატი შეხვდნენ. რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ, ქომაგებმა უკან დაიხიეს და გუნდებს სტადიონიდან გამოსვლის საშუალება მიეცათ.
სხვათა შორის, მატჩის შემდეგ „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ასეთი რამ თქვა: „ვესაუბრე პრეზიდენტ ბერლუსკონის და ის კმაყოფილია ჩვენი გუნდის თამაშით. დარწმუნებით გეუბნებით, რომ ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებენ“.
ბექა დოგრაშვილი