ტიმ ჰოვარდი — აშშ-ის თავდაცვის მინისტრი
დღეს გლობალურ ინტერნეტ-სივრცეში საინტერესო რამ დაფიქსირდა.
„ვიკიპედიას“ ვებგვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების მეკარე ტიმ ჰოვარდი ქვეყნის თავდაცვის მინისტრად იყო წარმოდგენილი. ეს ინფორმაცია ჩვენთვის უცნობმა პირმა განათავსა, სავარაუდოდ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოვარდის საიმედო თამაშის გამო.
აღნიშნული ინფორმაცია უკვე წაშლილია.
ამერიკელმა კიპერმა წუხელ, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:2) მართლაც საუცხოოდ ითამაშა და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ნაკრებმა მატჩი დათმო და ტურნირს გამოეთიშა, ტიმ ჰოვარდი წუხანდელი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
მეკარის კარგ თამაშს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა ტელეკომპანია abc-ის გადაცემის „დილა მშვიდობისა, ამერიკა“-ს ოფიციალური გვერდი და ამერიკელებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ჰოვარდის არჩევა შესთავაზა, თანაც ხუთივე ვადით.
ამერიკელი მეკარის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა არც ბელგიის ნაკრების კაპიტანმა ვენსან კომპანიმ. ბელგიელმა მცველმა წუხანდელი მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ეს კომენტარი გამოაქვეყნა.