ტიტემ ამხანაგური მატჩებისთვის ნეიმარი ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახა
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავი, ნეიმარი და სხვა რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი ზაფხულში გასამართი ამხანაგური შეხვედრებისთვის ნაკრებში არ გამოიძახა.
სამხრეთამერიკელები უახლოეს მომავალში არგენტინისა და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდებიან. ამ მატჩებში ნეიმარის გარდა, გუნდს მარსელო, დანიელ ალვეში, მირანდა და მარკინიოსი არ დაეხმარებიან. არ იქნება რობერტო ფირმინოც, რომელსაც ტრავმა აწუხებს. ამ ვარსკვლავების გამოუძახებლობის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ტიტეს აზრით, მათ ზაფხულძე ხანგრძლივი დასვენება სჭირდებათ. უმეტესობა მათგანს 2013 წლის შემდეგ ზაფხულზე, ფაქტობრივად, ნორმალურად არ დაუსვენია.
სამაგიეროდ, შანსი მიეცემა “კორინთიანსის” ნახევარმცველს, როდრიგიონიოს, “მონაკოს” ცენტრალურ მცველს, ჟემერსონს, “შახტარის” მოთამაშეს, ტაისონს. ასევე, გუნდს დაუბრუნდნენ დავიდ ლუისი და გაბრიელ ჟესუსი.
ბრაზილიელები არგენტინას 9 ივნისს ავსტრალიაში, ხოლო მასპინძელ ნაკრებს ამ მატჩიდან ოთხი დღის შემდეგ დაუპირისპირდებიან.