ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები გადაიდო
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები ღონისძიების ერთი წლით გადადებაზე შეთანხმდნენ. მიზეზი ცხადია, კორონავირუსის გამო გამოცხადებული პანდემიაა.
ეს ინფორმაცია დღეს იაპონიის პრემიერ მინისტრმა სინძო აბემ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა.
“საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადადება შევთავაზეთ, სეოკ-ის პრეზიდენტი ტომას ბახმა კი 100-პროცენტიანი თანხმობა მოგვცა”, – ციტირებს აბეს სიტყვებს “ბიბისი”.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წლის 24 ივლისს უნდა დაწყებულიყო და 9 აგვისტოს დასრულებულიყო.
იაპონიას ოლიმპიური თამაშებისათვის პირველად 1940 წელს უნდა ემასპინძლა, მაგრამ მაშინ ღონისძიება მეორე მსოფლიო ომის გამო ჩაიშალა. ამ ქვეყანამ ოლიმპიადას პირველად 1964 წელს უმასპინძლა.
ისტორიაში ოლიმპიური თამაშები სულ სამჯერ ჩაიშალა, ეს 1916, 1940 და 1944 წლებში მოხდა. სამივე შემთხვევაში მიზეზი მსოფლიო ომი იყო.