ტომაშ როსიცკიმ კარიერა დაასრულა
დორტმუნდის “ბორუსიასა” და ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ტომაშ როსიცკიმ 37 წლის ასაკში პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.
“ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა. სულ უფრო მიჭირდა მატჩებისთვის მომზადება. ჯერ კიდევ მინდა თამაში, მაგრამ ჩემი სხეული საპირისპიროს ამბობს. დიდებული კარიერა გამომივიდა. ფეხბურთი მიყვარს და ამ გზას კიდევ გავივლიდი”, – ციტირებს როსიცკის სიტყვებს “დეილი მეილი”.
ტომაშ როსიცკიმ პროფესიონალურ ფეხბურთში 19 წელიწადი დაჰყო. მან კარიერის განმავლობაში ორჯერ მოიგო ჩეხეთის ჩემპიონატი (1998–1999, 1999–2000), გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული (2001–2002), ორჯერ კი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი დაისაკუთრა (2013–2014, 2014–2015). როსიცკი სამჯერ დაასახელეს ჩეხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად (2001, 2002, 2006).
ტომაშ როცისკიმ კარიერის განმავლობაში საკლუბო დონეზე 474 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 58 გოლი გაიტანა. მან ჩეხეთის ნაკრების რიგებში ჩატარებულ 105 შეხვედრაში 23 ბურთი მიითვალა.
ტომაშ როცისკი უკანასკნელად პრაღის “სპარტაში” თამაშობდა, რომლის რიგებშიც დაიწყო კიდეც პროფესიული კარიერა.