ტონგასთან გამარჯვების შემდეგ, აშშ-ს დამარცხება ვერ გამოგვივიდა
დღეს, 11 აპრილს, U20 მსოფლიო ალაფის მეორე რაუნდში A ჯგუფის შეხვედრა გაიმართა საქართველოსა და აშშ-ს შორის. პირველი ტაიმის დაწყებიდან თორმეტიოდე წუთის შემდეგ რეზი ჯინჭველაშვილმა შესძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მას მალევე ამერიკელების მგეზავმა, ბენ ქიმამ უპასუხა ზუსტი დარტყმით და ანგარიში 3-3 დააფიქსირა. ცოტახნის შემდეგ, კვლავ იმარჯვა ბენ ქიმამ და აშშ ანგარიშით 3-6 წინ გაიყვანა. ამ პერიოდში, ქართველ 20 წლამდელებს საკუთარ ნახევარზე უწევდათ თავის დაცვა და ხშირადაც ჯარიმდებოდნენ, მაგრამ ამერიკელთა მგეზავს სამი ჯარიმა გაუცუდდა. ტაიმის მიწურულს რეზი ჯინჭველაშვილის ზუსტი დარტყმით, საქართველოს ნაკრებმა გაათანაბრა და გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 6-6 გავიდნენ.
მეორე ტაიმში იმედი მოგვეცა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა
მეორე ტაიმის დასაწყისში კვლავ ჯინჭველაშვილმა ივარგა და ორი ზუსტი საჯარიმოს გატანით ანგარიში ანგარიში 12-6 გახადა, რომელიც კარგა ხანს არ იცვლებოდა. მიუხედავად ანგარიშის წაყვანისა, ჩვენი 20 წლამდელები დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ ნახევარზე, დაცვაში ატარებდნენ. მეორე ტაიმის შუაწელში, მაღალი ბოჭვის გამო, საქართველოს ნაკრების ბურჯი, გიორგი მარგველანი 10 წუთით სინ ბინში გაუშვა მსაჯმა. მარგველანის სინ ბინიდან დაბრუნების შემდეგ მალევე, ამერიკელებმა ჩვენს 5 მეტრიან ხაზამდე რამოდენიმე ფაზიანი შეტევით მოაღწიეს, რასაც ჩვენი მხრიდან ჯარიმის მიღება მოყვა. მოწინააღმდეგემ ლელოს ხაზსთან ბურთი გაათამაშა და რამოდენიმე ფაზის შემდეგ მატჩის ერთადერთი, გარდასახული ლელო აშშ-ს 20 წლამდელებმა თავიანთ მონაგარს შემატეს. მატჩის ბოლომდე რამოდენიმე წუთი რჩებოდა, როდესაც ჩვენმა მოთამაშეებმა ჰაერში შებოჭეს მოწინააღდეგე. მსაჯმა გადაწყვიტა, რომ ეს შეცვლაზე შემოსული ჟორა მღებრიშვილმა ჩაიდინა და პირველი მატჩის მსგავსად მას ყვითლით მოუწია მოედნის დატოვება. მალევე სათამაშო დრო ამოიწურა და მატჩი აშშ-ს სასარეგბლოდ 12-13 დასრულდა.
ამრიგად, საქართველოს 20 წლამდელებმა ალაფაზე პირველი მოგებული მატჩის შემდეგ A ჯგუფის მეორე შეხვედრა დათმეს.
ტონგელებმა ჰონკონგს სძლიეს
საქართველო აშშ-ს მატჩის შემდეგ A ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ტონგელმა 20 წლამდელებმა მასპინძლებს 39-16 სძლიეს. კუნძულელები შემდეგ ტურში აშშ-ს შეხვდებიან, ხოლო უმცროს ბორჯღალოსნები კი, ჰონკონგს ერკინებიან. B ჯგუფში იაპონიამ ნამობიას 34-28 სძლია, ხოლო ურუგვაისა და კანადის რკენა ფრედ, 18-18 დასრულდა.
კომენტარები
გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი
„ალბათ ეს შედეგი ლოგიკური იყო, იმიტომ რომ ვერ ვითამაშეთ ჩვენი თამაში. ტაქტიკური დავალება იყო, რომ ფეხით გავსულოყავით 22-დან და მეტოქის ნახევარზე გვეთამაშა. ამას როდესაც ახერხებდნენ ბიჭები, მაშინ თამაშობდნენ ძალიან კარგად და უპირატესობაც ჰქონდათ, მაგრამ მოწინააღმდეგემ დაგვიპირისპირა იგივე თამაში და სამწუხაროდ ჩვენ უფრო ხშირად დაცვაში მოგვიწია ყოფნა, ვიდრე შეტევაში.
„ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით. ორი ყვითელიც გვქონდა და გავუშვით ისეთი ლელო, რომელიც არ უნდა გავეშვა. ჩვენი პოტენციალი ვერ გამოვიყენეთ და აშშ-მ დამსახურებულად მოიგო დღევანდელი შეხვედრა.
„წარმოგიდგენიათ ალბათ, თუ როგორი განადგურებულია გუნდი, მაგრამ ეხლა მთავარია ეს თამაში დავივიწყოთ და ემოციები გვერდზე გადავდოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ის თეორიული შანსი რაც გვრჩება ბოლომდე გამოვიყენოთ – ჰონგკონგს ბონუსით უნდა მოვუგოთ და შემდეგ ვუგულშემატკივროთ ტონგას, რათა მათ ამერიკას ისე მოუგონ, რომ ამერიკელებმა ვერ აიღონ ბონუს ქულა.
„თვითკრიტიკულად უნდა გავაანალიზოდ ჩვენი თამაში და დაშვებული შეცდომები. ბოლოს და ბოლოს ვაჩვენოთ ის თამაში რისი თამაშიც ნამდვილად შეგვიძლია. მთავარია ბიჭებს აღვუდგინოთ საბრძოლო განწყობა და შემდეგი თამაში ღირსეულად ვითამაშოთ,“
ლადო კილასონია, 20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი
„ეს არ იყო ის გახსნილი თამაში, რომელსაც ჩვენ მოველოდით. პრობლემა ის იყო, რომ ჩვენ ნახევარზე ვთამაშობდით ხელით და აქ ვიღებდით ბევრ ჯარიმას. გაგვიმართლა, რომ აშშ-ს მგეზავმა რამოდენიმე ჯარიმა ააცილა.
„მეორე ტაიმში ბიჭებს მითითება ჰქონდათ, რომ ჩვენ ნახევარზე შეძლებისდაგვარად ნაკლებათ ეთამაშათ და ფეხით გასულიყვნენ 22-დან. რამდენეჯერაც ეს დავალება შეასრულეს, უკეთესად ათამაშდნენ და აშშ-მ რამოდენიმე ჯარიმა მიიღო. ამ დროს თამაშსაც ვაჩქარებდით და სწრაფი რაქებიც გვქონდა, მაგრამ 80 წუთიდან 50 წუთის ჩვენ ნახევარზე მოგვიწია ყოფნა.
„საერთო ჯამში, რომ შევაფასო, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა დღევანდელი თამაში დათმო უდისციპლინობის და ტაქტიკურად გაუმართავი თამაშის გამო.
„ამით ჯერ არაფერი დასრულებულა. წინ ტონგასა და აშშ-ს მატჩია. ჩვენ ბონუსით უნდა მოვუგოთ ჰონკონგს და თუ ტონგა ასევე ბონუსით დაამარცხებს აშშ-ს, მაშინ ჯგუფში პირველ ადგილს ჩვენ დავიკავებთ და შესაბამისად ვითამაშებთ ფინალში.“
აღნიშნული მატჩის ვიდეო ჩანაწერს, რომლის ნახვა რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე, Youtubeარხზე და Facebook გვერდზე იქნება შესაძლებელი, შემოგთავაზებთ ხვალ, 12 აპრილს