ტოპ 10: “მანჩესტერ იუნაიტედის” რეკორდული ტრანსფერები
FANEBI.COM გთავაზობთ “მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ განხორციელებულ ათ ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს.
10. ანდერ ერერა / 29 მილიონი ფუნტი
ანდერ ერერა “მანჩესტერ იუნაიტედში” ლუი ვან გაალმა, 2014 წელს მოიყვანა. მის ტრანსფერში ინგლისურმა გრანდმა ბილბაოს “ატლეტიკს” 29 მილიონი ფუნტი გადაუხადა.
ესპანელმა ნახევარმცველმა მალევე დაიმსახურა პატივისცემა “წითელი ეშმაკის” ქომაგთა რიგებში და გუნდის მნიშვნელოვანი წევრიც გახდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერერამ გაცემული ავანსები ბოლომდე გაამართლა.
9. რიო ფერდინანდი / 29.3 მილიონი ფუნტი
2002 წელს რიო ფერდინანდის დამატებით “მანჩესტერ იუნაიტედმა” სატრანსფერო ბაზრის რეკორდი დაამყარა, გადაურიცხა რა 29.3 მილიონი ფუნტი “ლიდს იუნაიტედის” მესვეურებს.
მას შემდეგ, რიომ 12 სეზონი ჩაატარა “ოცნებების თეატრში” და 17 ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერ ლიგის 6 და ჩემპიონთა ლიგის ერთი ჯილდო.
8. ერიკ ბაილი / 30 მილიონი ფუნტი
“ვილიარეალის” ექს-ფეხბურთელი, ერიკ ბაილი პირველი გახდა, რომელიც ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის რანგში გადაიბირა.
ტრანსფერი 2016 წლის ივნისში შედგა, მაგრამ ფეხბურთელმა ტრავმებისა და აფრიკის ნაციათა თასის გამო საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ბოლომდე ვერ შეძლო.
7. დიმიტარ ბერბატოვი / 30.75 მილიონი ფუნტი
საკმაოდ ამოუცნობი ბულგარელი ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, “ტოტენჰემიდან” გადავიდა.
ბერბატოვმა, რომელიც ერიკ კანტონას მემკვიდრედ მოისარრებოდა, “ოლდ ტრაფორდზე” გატარებული 4 წლის მანძილზე პრემიერ ლიგის, ლიგის თასისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ტიტულებს გაუსინჯა გემო.
6. ვიქტორ ლინდელოფი / 31 მილიონი ფუნტი
31 მილიონი ფუნტი თანხის იმ მაქსიმალურ ოდენობას წარმოადგენს, რომელიც “წითელმა ეშმაკებმა” მცველის ტრანსფერში გადაიხადეს – საუბარია ვიქტორ ლინდელოფზე.
შვედმა ფეხბურთელმა “ბენფიკა” 2017 წლის ზაფხულში, პორტუგალიის ჩემპიონატის სამჯერ მოგების შემდეგ დატოვა და ჯერაც არ მიუღია მონაწილეობა სადებიუტო მატჩში.
5. ანტონი მარსიალი / 36 მილიონი ფუნტი
2015 წლის ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედმა” სარეკორდო რაოდენობის თანხა გადაიხადა თინეიჯერი ფეხბურთელის ტრანსფერში, როდესაც მარსიალი “მონაკოდან” დაიმატა.
ფრანგმა შემტევმა მალევე მოიგო გულშემატკივართა გული “ლივერპულის” კარში გატანილი ბრწყინვალე გოლით, სადებიუტო სეზონში კი 17-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.
4. ხუან მატა / 37.1 მილიონი ფუნტი
დევიდ მოიესის “მანჩესტერული” კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სვლა ლონდონის “ჩელსის” ესპანელი ნახევარმცველის, ხუან მატას დამატება იყო.
მსოფლიო ჩემპიონმა, “ჩელსის” წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის ორგზის მფლობელმა “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული ბოლო სამი სეზონიდან სამივეში 10 ან 10-ზე მეტი გოლი გაიტანა.
3. ანხელ დი მარია / 59.7 მილიონი ფუნტი
მადრიდის “რეალის” მიერ დაწუნებული არგენტინელი ფეხბურთელი “ლა დესიმას” მოგებიდან რამდენიმე კვირაში შეუერთდა ინგლისურ გრანდს.
არგენტინელი ფეხბურთელისგან ინგლისელები ძალიან ბევრს მოელოდნენ, თუმცა მისი ვარსკვლავი მალევე ჩაქრა და შემდეგში ის “პარი სენ-ჟერმენშიც” გადავიდა.
2. რომელუ ლუკაკუ / 75 მილიონი ფუნტი
ბელგიელი ფეხბურთელი, რომელიც რამდენიმე სეზონია რაც წარმატებულად გამოდის მერსესაიდული “ევერტონის” რიგებში “მანჩესტერ იუნაიტედს” რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.
“კამფეტების” რიგებში გატანილი 53 გოლი “წითელმა ეშმაკებმა” საკმარისად ჩათვალეს, ბელგიელ ფეხბურთელში 75 მილიონი ფუნტი რომ გადაეხადათ.
1. პოლ პოგბა / 89.3 მილიონი ფუნტი
2016 წლის მთავარი ტრანსფერი, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა – ტურინის “იუვენტუსის” ფრანგი ლიდერი “ოლდ ტრაფორდს” რეკორდული თანხის სანაცვლოდ უბრუნდება.