ტოპ-10: ვინ გამოიმუშავებს ყველაზე მეტს საფრანგეთის ჩემპიონატში?
გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe საფრანგეთის ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების რეიტინგს აქვეყნებს.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რეიტინგის სათავეში ნეიმარ ჟუნიორი იმყოფება. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი თვეში ხელფასის სახით 3.06 მილიონ ევროს იღებს.
მეორე პოზიციაზე კილიან მბაპეს ყოფნაც საკმაოდ პროგნოზირებადი გახლდათ. ფრანგი ტალანტი თვეში 2.098 მილიონს გამოიმუშავებს. მესამე და მეოთხე ადგილებს კი მარკინიოსი და მარკო ვერატი იყოფენ (1.2 მილიონი ევრო).
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ათივე ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენის” წარმომადგენელია. სიაში შემდეგ პოზიციებს იკავებენ ანხელ დი მარია (1.1 მილიონი), კეილორ ნავასი (1 მილიონი), მაურო იკარდი (800 ათასი), ლეანდრო პარედესი (750 ათასი), ხუან ბერნატი (700 ათასი) და კიმპემბე (670 ათასი).
მწვრთნელებს შორის ყველაზე მეტს მაურისიო პოჩეტინო გამოიმუშავებს (940 ათასი ევრო თვეში). მეორე პოზიციაზე “მონაკოს” მწვრთნელი ნიკო კოვაჩია (400 ათასი ევრო), მესამეზე კი “მარსელის” ახალი თავკაცი ხორხე სამპაოლი (300 ათასი ევრო).