ტოპ 5 ფეხბურთელი, რომლებიც ვლადიმერ ვაისს უნდა გამოეძახებინა
საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 23 მარტს შვეიცარიის წინააღმდეგ თბილისში გამართავს, 26 მარტს კი ირლანდიასთან ითამაშებს. მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა და მათ შორის, 1 დებიუტანტი, ვატო არველაძეა, რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმაში შევიდა. წარმოგიდგენთ იმ 5 ფეხბურთელს, რომლებიც ვაისს საკადრო მდგომარეობიდან და ფორმიდან გამომდინარე უნდა გამოეძახა.
5. ხვიჩა კვარაცხელია (მოსკოვის “ლოკომოტივი”)
18 წლის ხვიჩა კვარაცხელია ის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა მარტო შეუძლია. კვარაცხელია მიმდინარე სეზონში მოსკოვის “ლოკომოტივში” გადავიდა და გუნდს მალევე შეეწყო. საქართველოს ამ მატჩებში ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება, ოქრიაშვილი 4-თვეა უკლუბოდ არის და ხვიჩას მსგავსი მოთამაშე ნაკრებს ძალიან გამოადგებოდა.
4. ლევან გეგეჭკორი (ქუთაისის “ტორპედო”)
ნაკრების ძირითადი მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე ვაისმა გამოიძახა, თუმცა ოთარს რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრავმა ჰქონდა და “ლუცერნშიც” არ გამოჩენილა. არ ჩანს ხორვატიაში მოთამაშე გიორგი მჭედლიშვილიც და ერთადერთი ვარიანტი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ლევან გეგეჭკორი რჩება. გეგეჭკორი 2 წლის წინ ნაკრების წევრობის კანდიდატი იყო, თუმცა შემდეგ დიდი დაღმასვლა ჰქონდა, ახლა კი ქუთაისის “ტორპედოში” ნელ-ნელა იბრუნებს ძველ ფორმასა და შანსის მიცემას იმსახურებს, ამ მძიმე სიტუაციის ფონზე. ისე, საინტერესოა, რომ მარჯვენა დამცველის ადგილზე ყველაზე ნაკლები ვარიანტი აქვს ვაისს.
3. აკაკი გოგია (უნიონ ბერლინი)
თუ ყველა ბიოკრატიული პრობლემა მოგვარებულია, მაშინ ეს ის დროა, როდესაც აკაკი გოგიას გამოძახება გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება. გოგია შესანიშნავ ფორმაშია, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონიდან პირველ ბუნდესლიგაშიც გადავა და ჩვენი ფეხბურთელების ცუდი სათამაშო ფორმისა და უთამაშებლობის გამო, აკაკი შეტევის გაძლიერებას შეძლებდა. 27 წლის ნახევარმცველს შესანიშნავი საგოლე ალღო და დარტყმა აქვს.
2. გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი)
როდესაც ოქრიაშვილს, ჭანტურიშვილს და ჯიღაურს კლუბებში სათამაშო დრო არ ეძლევათ, სხვა ბიჭები კი ნამდვილად შორს არიან ოპტიმალური სათამაშო ფორმისგან, ხარაიშვილი თითქმის ერთადერთია, რომელიც მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და ამასთანავე შედეგიანად. მოედანს ასისტის ან გოლის გარეშე პრაქტიკულად არ ტოვებს. მას ძალიან კარგად შეუძლია ბურთის დაჭერაც, დაცვის დახმარებაც და შეტევაში წასვლაც. ხარაიშვილის ვაისს ამ მატჩებისთვის აუცილებლად უნდა გამოეძახებინა.
1. ბუდუ ზივზივაძე (ქუთაისის “ტორპედო”)
ბუდუ ზივზივაძე ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელია. გასულ სეზონში 22 გოლით ბომბარდირი გახდა საქართველოს ჩემპიონატის და ბოლო 2 წელიწადია, საერთო ჯამში, ქართველი თავდამსხმელებიდან საუკეთესო ფორმაში იმყოფება. ის შესანიშნავად შეეწყო ქუთაისის “ტორპედოს” და ნაკრებში ბუდუს გამოჩენას დიდი ხანია ელოდებიან. ერთადერთი, რაც გამოსაძახებლად აკლია, უცხოურ ლიგაში თამაშია.