“ტორპედო” დაისაჯა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ქუთაისში მომხდარი გუშინდელი ინციდენტი განიხილა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის 58-ე წუთზე მასპინძელთა ქომაგებმა მატჩი ჩაშალეს და “დინამოს” ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებთან სცადეს ურთიერთობის გარკვევა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით “ტორპედო” ჯარიმის სახით 18 300 ლარს გადაიხდის და უახლოეს 5 საშინაო შეხვედრას ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებს. “დინამოს” კი ტექნიკური გამარჯვება, 3:-0 ჩაეთვლება.
სავარაუდოდ, “ტორპედო” ნეიტრალურ მოედანზე მაყურებლების გარეშე ითამაშებს.
სკ „დინამო“ დაჯარიმდა 800 ლარის ოდენობით, დინამოელთა გულშემატკივრების მიერ ქუთაისის ცენტრალური სტადიონის სკამების დამტვრევისა და მოედანზე გადმოყრის გამო.
რაც შეეხება კომიტეტზე განხილულ კიდევ ერთ მატჩს – გორის „დილასა“ და „ვიტ ჯორჯიას“ შორის. სადისციპლინო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, მატჩის დროს გულშემატკივართა მიერ მოედანზე შეჭრის გამო სკ „დილა“ დაჯარიმდა (სადისციპლინო კედექსის 106-ე მუხლის დარღვევა) 4000 ლარით. სკ „დილას“ ფეხბურთელი ლექსო კვახაძე, კი მსაჯის შეურაცყოფისათვის 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 600 ლარი ფულადი ჯარიმით დაისაჯა.
ფოტო: fcdinamo.ge