“ტორპედო” გორში რთული გამოცდის მოლოდინში
30 ნოემბერს, ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის შეხვედრას სტუმრად თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილასთან“ ჩაატარებს. 14:00 საათზე დასაწყისი თამაშის ტელე-ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადაიცემა, ინტერნეტ-ტრანსლაციას კი ჩვენი ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.
მოგეხსენებათ, მიმდინარე ჩემპიონატში გუნდების პირველი ურთიერთშეხვედრა ქუთაისში გოლის გარეშე, მშვიდობიანი ანგარიშით – 0:0 დასრულდა. მოცემულ ბმულზე იხილეთ 17 სექტემბერს გამართული მატჩის პროტოკოლი -http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=206
გათამაშების ცხრილში გორელებს ყველანაირი მაჩვენებელი იგივე აქვთ, რაც ქუთაისელებს, რომლებსაც მხოლოდ უფრო უარესი ბურთების შეფარდების გამო უდგანან კვალში. მიუხედავად ანგარიშგასაწევი ძალისა, რაც „დილამ“ ბოლო საჩემპიონატო მატჩში ლიდერ თბილისის „დინამოსთანაც“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა(1:1), შიდაქართლელები ისე ვერ გამოიყურებიან, როგორიც საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლ გუნდს შეეფერება, რასაც მე-6 ადგილიც ცხადყოფს. არა და შემადგენლობიდან გამომდინარე, ალბათ, ჩვენი მომდევნო მეტოქის საუკეთესოთა შორის მოხვედრა არავის არ გაუკვირდება. ქუთაისელთა ახალგაზრდულ გუნდს რაც შეეხება, ზედიზედ მეოთხე წაგების მერე „ტორპედოს“ გორში ურთულესი გამოცდა ელის და ჟერარდ სარაგოსას „მოწაფეებიც“ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციის მოსახდენად ყველაფერს გაიღებენ. სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო ისევ ვერ ითამაშებს ტორპედოელთა „ათიანი“ გიორგი კუხიანიძე, რომლის სასჯელსაც ვადა დამდეგი მატჩის შემდეგ გასდის.
აღსანიშნავია, რომ „ტორპედოს“ მსგავსად რამაზ სოლოღაშვილის გაწვრთნილი გუნდიც გავიდა ეროვნული თასის მეოთხედფინალში, მას შემდეგ, რაც პირველლიგელ ბათუმის „დინამოს“ სტუმრად გატანილი ბურთით აჯობა(1:0, 1:2).
აქვე გორულ გუნდთან „ტორპედოს“ სტატისტიკაც – პირველი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების დღიდან, ქუთაისის “ტორპედო” (საწყის სამ ჩემპიონატში ჩვენი გუნდი “ქუთაისის” სახელით გამოდიოდა) გორის “დილას” უმაღლეს ლიგაში 45-ჯერ, ხოლო თასის გათამაშებაში 6-ჯერაა შენახვედრი. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: “ტორპედომ” 31 შეხვედრა მოიგო, “დილამ” 14, ფრედ კი 6 დამთავრდა. ბურთების შეფარდებაც ჩვენი გუნდის საგრძნობ უპირატესობას ადასტურებს – 104:54.
აქვე დავაკონკრეტებთ ჩემპიონატისა და თასის მონაცემებს. ჩემპიონატზე “ტორპედომ” 29 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 12 წააგო (ბურთები 96:49), ხოლო თასზე 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 2 წააგო (ბურთები 8:5).
ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისელებმა გორელები ანგარიშით – 8:3, პირველ ეროვნულ ჩემპიონატში დაამარცხეს, 1998 წელს კი ასევე ყველაზე დიდი ანგარიშით – 0:3 დამარცხდნენ. გასახსენებელია წინა ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, ქუთაისში გამართული გუნდების ბოლო დაპირისპირება, რომელშიც „ტორპედო“ ორჯერ აგებდა, თუმცა საბოლოოდ, ანგარიშით 5:4 დაამარცხა მეტოქე.
ქვემოთ „დილასთან“ შეხვედრებში „ტორპედოს“ ყველა გატანილი გოლის ავტორების ვინაობებს და თითოეული მათგანის ანგარიშზე არსებულ გოლთა რაოდენობას გთავაზობთ.
15 გოლი – გიორგი მეგრელაძე
13 გოლი – დავით ჯანაშია
6 გოლი – მიხეილ აშვეთია, ზაზა ვაჩიბერაძე
5 გოლი – ზურაბ იონანიძე
4 გოლი – მამუკა ხუნდაძე
3 გოლი – კახა კვეტენაძე, დავით გამეზარდაშვილი, გიორგი ფანცულაია
2 გოლი – მერაბ მეგრელაძე, გიორგი დარასელია, მირზა მაღლაკელიძე, გიორგი გაბიდაური, მიხეილ ბობოხიძე, ანდრეი პოროშინი, რობერტ ზირაქიშვილი, გიორგი ბერიაშვილი, გრიგოლ დოლიძე
1 გოლი – ალეკო დვალიშვილი, ვასილ შენგელია, ჯაბა წიკლაური, გრიგოლ თევზაძე, როსტომ თორღაშვილი, ივანე ჯუღელი, მალხაზ მორგოშია, მამუკა მანაგაძე, დავით ჩხეტია, გიორგი წიქარიშვილი, გიორგი სუხიაშვილი, ვასილ გიგიაძე, ლევან ქებაძე, გიორგი გოგიაშვილი, გრიგოლ იმედაძე, ჯონი შალამბერიძე, შოთა ჩომახიძე, გივი დიდავა, გიორგი ნერგაძე, ალექსანდრე კოშკაძე, გიორგი დარსაძე, რევაზ ჯიქია, თენგიზ უგრეხელიძე, დავით ბოლქვაძე, ლაშა შერგელაშვილი, ნიკა საბანაძე, გიორგი კუხიანიძე.
FCTorpedo.GE