“ტორპედო” – “მერანი” 2:0
ამხანაგური მატჩების ჩატარებას აგრძელებს ქუთაისის „ტორპედო“. ქუთათურები ახალი საფეხბურთო სეზონისთვის საკუთარ სავარჯიშო ბაზაზე ემზადებიან. ამავე ადგილზე, დღეს, რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილების სპარინგ-პარტნიორი, მომავალი 16-გუნდიანი უმაღლესი ლიგის ბინადარი მარტვილის „მერანი“ გახლდათ, რომელსაც უკრაინელი ვლადიმირ ლობასი თავკაცობს.
ქუთაისური შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ტორპედოელებმა ტაიმებში თითო-თითოჯერ აიღეს მეტოქის კარი. პირველად ეს გოგი ფიფიამ 27-ე წუთზე შეძლო, როცა მან მარცხენა მახვილი კუთხიდან დანიშნული საჯარიმო დარტყმა უმალვე ისე ტექნიკურად შეასრულა, რომ მეკარეს გაშვებული გოლის დაჯერება გაუჭირდა. ანგარიში კიდევ ერთმა ფორვარდმა ოთარ კვერნაძემ გააორმაგა, რომელმაც ბენაშვილის კარგი პასი მიიღო და ახლოდან დარტყმით ზედიზედ მესამე ამხანაგურ შეხვედრაში გამოიჩინა შედეგიანობით თავი – 2:0. აქვე ერთ უსიამოვნო ფაქტზეც უნდა ითქვას: ერთ-ერთ ეპიზოდში ოპონენტთან შეჯახებისას ჩვენი გუნდის ცენტრალურმა მცველმა მიხეილ მახვილაძემ, ვინაც „ტორპედოს“ ბოლო მატჩებში ხარისხიანად ითამაშა, მოედანზე გონება დაკარგა, თუმცა ექიმების ჩარევით იგი მალევე გამოფხიზლდა. წინასწარი ინფორმაციით, გამოცდილი ფეხბურთელის ტრავმა საშიში არ უნდა იყოს და რეაბილიტაციისთვის მას ხანმოკლე პერიოდი დასჭირდება.
„ტორპედო“: ბობღიაშვილი(თებიძე 46), ტაბატაძე, მახვილაძე(ბაბუნაშვილი 35, ჭედია 72), თოდუა, ადამაძე, მარკოზაშვილი(ბენაშვილი 46), ჩაკვეტაძე, ელიავა(კვასხვაძე 46), ჩიკვილაძე, ფიფია(ქებურია 70), კვერნაძე(ჯოხაძე 68).
„მერანი“: მამალაძე(ბეგაშვილი 46), მელიავა, გეგეჭკორი(აშორტია 62), ბარბაქაძე, გეგია(ფაილოძე 62), შულაია, ციკოლია, ფონიავა(დ. ბოლქვაძე 70), წულაია(ლომაშვილი 70), ჩიმაკაძე, ციცხვაია(ქაჯაია 46).
მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი (ქუთაისი)
FCTorpedo.GE