“ტორპედო” სამი ფეხბურთელით გაძლიერდა
მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ქუთაისის “ტორპედოში” პირველი ახალწვეულები ჩაირიცხნენ. ქუთაისელთა რიგებში ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე, მცველი დავით ოდიკაძე და თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე ითამაშებენ.
22 წლის კუხიანიძე ქუთაისის სპორტსკოლის აღზრდილია და მისი პროფესიონალური კარიერაც სწორედ “ტორპედოში” დაიწყო, სადაც მან დღემდე 85 ოფიციალური მატჩი ჩაატარა 11 გოლიც გაიტანა. გასულ სეზონსი კუხიანიძე ქობულეთის “შუქურაში” ასპარეზობდა.
34 წლის ოდიკაძე “ტორპედოში” გუნდში საჩხერის “ჩიხურადან” გადმოვიდა. მანამდე იგი თბილისის “დინამოში”, ბაქოს “ინტერში” და სხვა საფეხბურთო კლუბებშიც თამაშობდა.
22 წლის შინდაგორიძეს აქამდე დანიურ “ორჰუსში”, თბილისის “დინამოსა” და ცხინვალის “ცხინვალში” აქვს კარიერა გატარებული. გარდა ამისა, მას საქართველოს 19-წლამდე ნაკრებშიც უასპარეზია. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალელებმა ევროპის ლიგის საგზური მოიპოვეს, შინდაგორიძემ კარიერის გაგრძელება მაინც “ტორპედოში” არჩია.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია, რომ “ტორპედოში” ითამაშონ: ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ და ფორვარდებმა გიორგი ჩირგაძემ და გიორგი ქვილითაიამ.