“ტორპედომ” “ლოკოს” მოუგო – კაპიტნის წითელი, 2 გაფუჭებული პენალტი, რა ელის ჭიას და სად იყო იმრანი?
ეროვნული ლიგის მე-7 ტურში მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ძალიან მაგარი თამაში იხილა. 1 წითელი, 2 გაფუჭებული პენალტი, მაროკოელი იმრანის გამოჩენა და ყველაფერი, რაც ფეხბურთს უხდება. მე-4 წუთზევე შეეძლო ფანცულაიას პენალტით გოლის გატანა, მაგრამ ძალიან ცუდად შეასრულა და მამარდაშვილმა მოგერიება შეძლო. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდი ქმნიდა სახიფათო მომენტებს. “ლოკოს” კაპიტანმა დავით უბილავამ კი გუნდი უკვე მეორეჯერ დააღალატა (პირველად “დინამო თბილისთან” მიიღო 2 ყვითელი ბარათი – რედ) და 43-ე წუთზე მსაჯმა გააძევა. ზუსტად 2 წუთში ფანცულაიამ თავისი მაინც გაიტანა და “ტორპედო” დააწინაურა.
მე-2 ტაიმში ჭიაბრიშვილმა გაბაძე და არველაძე შემოიყვანა. 53-ე წუთზე ჯარიმის შემდეგ სიტუაციაში ყველაზე კარგად ახალგაზრდა მცველი ლუკა ქაფიანიძე გაერკვა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში ბურთი შეაგდო. 4 წუთში მაროკოელმა ლად-ომარ იმრანმა შეტევა დაცვიდან დაიწყო, არველაძესთან გაითამაშა და მარცხენა ფეხით მეკარეს ძალიან მაგრად გაუტანა. მიუხედავად იმისა, რომ “ლოკომოტივი” 10 კაცით იყო, ქუთაისელებმა აშკარად ვერ შეძლეს თამაშის დაწყნარება და ამის გამო კინაღამ 86-ე წუთზე დაისაჯეს, როცა არველაძის წაქცევისთვის ყრუაშვილმა პენალტი დანიშნა. 11-მეტრიანთან ირაკლი სიხარულიძე მივიდა, დაარტყა, მეკარე მარცხნივ წავიდა, ბურთი მარჯვნივ, მაგრამ ძელს მოხვდა და ქუთაისი გადარჩა. დამატებით დროში კვლავ ვატოს შეეძლო გმირობა, თუმცა არ გამოუვიდა.
“ტორპედოს” 8 ქულა აქვს, “ლოკომოტივს” 9. ჭიაბრიშვილის დანიშვნის შემდეგ გუნდმა 4-დან 2 წააგო და 2 ფრედ დაასრულა. გაათავისუფლებს მას ხელმძღვანელობა თუ იმრანის აღმოჩენის გამო, რომელსაც შანსი არცერთმა მწვრთნელმა არ მისცა, კიდევ ერთ შანსს მისცემს.
ეროვნულ ლიგას 15 ქულით “დინამო თბილისი” ლიდერობს, რომელმაც “ჩიხურა” გიორგი კუხიანიძის გოლით დაამარცხა. ხვალ “დილა”, “დინამო ბათუმი”, “სამტრედია” და “საბურთალო” ჩაერთვებიან.
ლოკომოტივი 1-2 ტორპედო
გოლები: იმრანი 57 – ფანცულაია 45, ქაფიანიძე 53
ლოკომოტივი: მამარდაშვილი – თ. კირკიტაძე (არველაძე 53), სანდოხაძე, ანდრონიკაშვილი (ქველაძე 67), გურეშიძე, უბილავა – შონია, დარცმელია, იმრანი – გავაშელიშვილი (გაბაძე 46), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშილი
ტორპედო: შოვნაძე – გრიგალაშვილი, ქაფიანიძე (მირცხულავა 65), კასრაძე, ნადარაია – ბობკო (ტუღუში 72), ჯანელიძე, მამასახლისი, ციცქიშვილი – პონომარი (იონანიძე 83), ფანცულაია
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
პენალტი გააფუჭეს: სიხარულიძემ 86-ე წუთზე – ფანცულაია მე-4 წუთზე
წითელი ბარათი: უბილავა 42