“ტორპედომ” მოიგო, “დინამომ” ვერა – “ფინალი” თბილისში შედგება! (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის 35-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში ქუთაისის “ტორპედომ” “რამაზ შენგელიაზე” ბათუმის “დინამო” მიიღო. მოგეხსენებათ, იმერლები თბილისის “დინამოს” ოთხი ქულით ჩამორჩებოდნენ და თუ მათ ჩემპიონობის შანსის შენარჩუნება სურდათ, აუცილებლად უნდა მოეგოთ (ამავე დროს, “დინამოს” უნდა დაეკარგა მინიმუმ ორი ქულა, ან წაეგო).
შეხვედრა დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ნახევარში შესანიშნავი ხუთი წუთი ჰქონდა თორნიკე კაპანაძეს: “ტორპედოელმა” ჯერ 48-ე, შემდეგ 53-ე წუთზე აიღო მეტოქის კარი. ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა აღარაფერი შეცვლილა.
საბოლოოდ, “ტორპედომ” ანგარიშით, 2-0 იმარჯვა. ეს ვერ მოახერხა ლიდერმა “დინამომ”, რომელმაც “საბურთალოსთან” უგოლო ფრე გააგორა. შესაბამისად, პირველ მათგანს 55 ქულა აქვს, მეორეს – 57. ეს გუნდები ერთმანეთს 26 ნოემბერს, ეროვნული ლიგის ბოლო ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და იქ გაარკვევენ ჩემპიონის ვინაობას. ხოლო, ბათუმის “დინამო” ამჟამად 33 ქულით მერვეა.