“ტორპედოს” დირექტორი: “მანინო ქუთაისში 50 მილიონზე მეტს ჩადებს”
ქუთაისის “ტორპედოს” გენერალურმა დირექტორმა თემურ ჩეჩელაშვილმა იტალიელი ინვესტორის, ფაბიო მანინის გეგმების შესახებ ისაუბრა.
“იყო მოლაპარაკება, მაგრამ ჯერ არაა გადაწყვეტილი, რომ ქუთაისში გამოიყოს ტერიტორია (50 000 m²), რომელსაც ფაბიო მანინოს სიმბოლურ ფასად გადასცემენ. საკითხს ქალაქის მერია ვერ წყვეტს – საბოლოო სიტყვა ეკონომიკის სამინისტროზეა. არაა აუცილებელი ეს ქალაქის ცენტრში იყოს: რამდენიმე ადგილი მოძიებულია და ნანახიც აქვს.
ამ ტერიტორიაზე ის სოლიდური ინვესტიციის ჩადებას გეგმავს: უნდა აშენდეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, სამედიცინო ცენტრი, ასევე ორი საფეხბურთო მოედანი აკადემიისთვის და დიდი აუზი. ამ ყველაფერს “ტორპედოს” სახელი დაერქმევა.
მთლიანობაში, ამ პროექტზე იტალიელი ინვესტორი 50 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას აპირებს.
აქედან გამომდინარე, რადგან ქუთაისისთვის ამხელა ინვესტიციაზეა საუბარი, ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვ გვერდში დაგვიდგეს.”
მანინი ქუთაისში ჩასვლას კორონავირუსის გამო ვერ ახერხებს და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც, მისთვის გუნდის გადაცემის პროცესი შეფერხდა.