“ტორპედოს” დუბლებმა ქულები დამატებულ წუთებზე დაკარგეს
1 ოქტომბერს საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის მე-7 ტურის დარჩენილი მატჩი გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ რეზერვისტებმა თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ დუბლშემადგენლობა ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მიიღო.
ქარის თანხლებით მიმდინარე დღევანდელი შეხვედრა ორმხრივ იერიშებსა და თანაბარ ორთაბრძოლებში მიმდინარეობდა. იშვიათი იყო საგოლე მომენტები, თუმცა თამაშს დაძაბულობა არ მოჰკლებია. ქუთაისელები ბურთს უფრო ხშირად ფლობდნენ, სტუმართა მცირე უპირატესობა კი მეტოქეზე უფრო მეტ შექმნილ სახიფათო მომენტებში გამოიხატებოდა. ანგარიში მე-80 წუთზე გაიხსნა, მასპინძელთა მრავალსვლიანი კომბინაცია ტორპედოელთა დუბლშემადგენლობის საუკეთესო მეგოლე მამია გავაშელიშვილმა დააბოლოვა ეფექტური გოლით, რომელმაც გუგუშვილის მიერ კარგად დაგდებული ბურთი მიწაზე დაუშვებლად გაგზავნა თბილისელთა კარში – 1:0. ტორპედოელებს მშვიდად მიჰყავდათ მატჩი გამარჯვებამდე, თუმცა სტუმართა ბოლო შეტევა გამოეპარათ და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე რევაზ ჩიტიშვილის მიერ ახლო მანძილიდან გატანილი გოლით დასანანი 2 ქულა დაკარგეს. ლაშა ჭაღიაშვილის გაწვრთნილი გუნდის პირველი ფრე მიმდინარე ტურნირზე – 1:1.
„ტორპედო-2“: კუპატაძე, ჭანტურია, მამასახლისი, კუსიანი, ჩიტეიშვილი, სულთანიშვილი, გოგიჩაიშვილი(ყანჩაშვილი 65), კაკუშაძე, მზევაშვილი(კიკაბიძე 46), ახვლედიანი(გუგუშვილი 46), გავაშელიშვილი.
„ვიტ ჯორჯია-2“: ჩილიგავა, ასკილაშვილი, ჩიტიშვილი, ჩიჩუა, ნ. იაშვილი, გახარია, ვაზაგაშვილი, სოფრომაძე, კურდღელაშვილი(კვირკვია 67), გ. გაგნიძე, ხვისტანი.
მსაჯი: თორნიკე ნაკაიძე(ლანჩხუთი)
FCTorpedo.GE