“ტორპედოს” დუბლებმა “სპარტაკს” სძლიეს
28 აპრილს, საქართველოს 25–ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის 28–ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის “ტორპედოს” საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე “ტორპედო–2″–მა(მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი, ვლადიმერ ჭყონია, გიორგი მეგრელაძე) ცხინვალის “სპარტაკის” შესაბამისი გუნდი(მწვრთნელი – მალხაზ ლაცაბიძე) მიიღო.
შეხვედრა საინტერესო სცენარით ორმხრივ იერიშებში წარიმართა. უფრო მეტი რეალური საგოლე მომენტი კი მასპინძლებმა შექმნეს და შესაბამისად, უპირატესობაც მათ მხარეს იყო. ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმით არაერთხელ უნდა ესარგებლათ ტორპედოელებს, თუმცა ორჯერ ანგარიშში მაინც სტუმრები დაწინაურდნენ. 24–ე წუთზე, ასპროცენტიანი შანსის გაცუდებიდან წამების შემდეგ ქუთაისელები დაისაჯნენ, იოსებ ჩახვაშვილმა ახლო მანძილიდან შეაგორა ბურთი კარში – 0:1. პირველი ტაიმის წაგებას მდევრის რანგში მყოფები არ შეეგუენ და 43–ე წუთზე, ჯანაძის ჩაწოდებითა და გიგა ტვილდიანის ლამაზი თავური დარტყმით ბურთი კარის “ცხრიანში” შევარდა – 1:1. მეორე ტაიმიც არანაკლებ დაძაბული გამოდგა. ანგარიში კვლავ “სპარტაკმა” შეცვალა სათავისოდ, როცა დავით გელაშვილმა შეასრულა ზუსტად პენალტი – 1:2. დარჩენილ დროში “ტორპედოს” რეზერვისტთა მწვრთნელებმა გარისკეს და შეცვლებით თავდასხმის ხაზი ერთ–ორად გააძლიერეს. ამან სასურველი შედეგიც გამოიღო, ჯერ გაგოშიძის პასით გია ღვიტიძემ მცველებს აჯობა და საპენალტო ნიშნულიდან ბურთი ბადეში მოათავსა – 2:2, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი აქედან სამ წუთში, 86–ე წუთზე გავიდა, ქურდაძის პასით თავი შეცვლაზე შესულმა ოთარ ბერეჩიკიძემ ისახელა, რომელმაც წინა გოლის მსგავსი გაიტანა – 3:2. მატჩიც ასეთი ანგარიშით დასრულდა.
“ტორპედო–2”: მოდებაძე, დუდუჩავა, გაგოშიძე, ნაცვლიშვილი, გაბუნია(გოგუაძე 46), ტვილდიანი(ბერეჩიკიძე 68), ხვიჩია(ლაღაძე 46), ბიწაძე, ჯანაძე(ხეცურიანი 55), თორთლაძე(ქურდაძე 62), ღვიტიძე
“სპარტაკი–2”: გოგიაშვილი, ველიაშვილი, შენგელია, გიორგაძე, მოსაშვილი, ჩიგოევი, კაჯაევი(ჭინჭარაული 87), ხუბეჯოვი, მაგრაქველიძე(ბერიძე 85), მუმლაძე, ჩახვაშვილი(გელაშვილი 46).
მსაჯი: ვახტანგ ბასილაია(ზუგდიდი)
დუბლიორთა სატურნირო ცხრილი და კალენდარი
FCTorpedo.GE