„ტორპედოს“ ესპანელი სპეციალისტი ეწვია
ქუთაისის „ტორპედოსთან“ ურთიერთობების დასამყარებლად დღეს, ქუთაისურ კლუბს ესპანელი სპეციალისტი ფერნანდო გასპარი ეწვია, რომელსაც წლების მანძილზე ესპანურ კლუბებში: „რეალში“, „მალაგაში“, „რასინგში“, „ვალიადოლიდში“ „რაიოსა“ და პორტუგალიურ „ბენფიკაში“ უმუშავია მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. ასევე, იყო ჩინეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც. ამჟამად კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელ-ინსტრუქტორი გახლავთ. იგი ერთ-ერთ უძლიერეს ფიზმომზადების სპეციალისტად ითვლება ევროპაში.
სტუმარი უკვე დაესწრო „ტორპედოს“ დღევანდელ ვარჯიშს და ხვალ, კვლავ ადევნებს თვალს მისი თანამემამულე ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით გამართულ სამწვრთნელო პროცესს. გასპარი ზეგინდელ „ქართულ კლასიკოზე“ დასწრების შემდეგ გაემგზავრება საქართველოდან.
გთავაზობთ მის კომენტარს:
„მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით, თქვენი ქვეყანა ძალიან ლამაზია. „ტორპედოს“ ვარჯიშს დავესწარი, რისთვისაც მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ ამის საშუალება მომეცა და ამაყი ვარ, რომ ამ გუნდს ესპანელი მწვრთნელები თავკაცობენ. ნიჭიერი ბიჭები გყავთ და ასეთი კურსით აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგებს. შაბათს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გაქვთ და როგორც ამ თამაშში, ასევე ზოგადად ყველა ტურნირზე წარმატებებს გისურვებთ. აქ მოპატიჟება იმდენად გამიხარდა, რომ ესპანურ „კლასიკოს“ ქართული ვამჯობინე და იმედია, ამ შეხვედრაში „ტორპედოსგან“ გაწბილებული არ დავრჩები“.
„ტორპედოს“ ოფიციალური ვებ-გვერდი