“ტორპედოს” ღია ვარჯიში
გუნდი მზადებას აგრძელებს. დღეს ქუთათურებს ორჯერადი ვარჯიში ჰქონდათ. მათგან საღამოს ვარჯიში ღია იყო და, უნდა აღინიშნოს, რომ საწვრთნელ ბაზაზე გულშემატკივრებმაც მრავლად მოიყარეს თავი. მათ წინაშე გიორგი დარასელიას მიერ ჩატარებული საწვრთნელი პროცესი საათნახევრიანი იყო.
ვარჯიშს, რასაკვირველია, ესწრებოდნენ „ტორპედოს“ ქომაგთა კლუბ „ჯუნგლების“ წევრებიც, რომელთა ხელმძღვანელს ჩვენ სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.
ირაკლი ჭურაძე: „თავადაც ხედავთ, თუ რამხელა ინტერესია ქალაქში ქუთაისის „ტორპედოს“ ვარჯიშის მიმართაც. ამ ადამიანების უკან გულშემატკივართა დიდი არმიაა, რომელიც დღეს აქ არ იმყოფება. ჩვენ, ქომაგთა კლუბი „ჯუნგლები“, რა თქმა უნდა, ბოლომდე გვერდით დავუდგებით მთელ კლუბს. საშინაო და საგარეო თამაშებზე კვლავაც საკმაოდ ბევრი ქომაგი გაამხნევებს ამ ბიჭებს. სასიხარულოა, რომ ყველანი ერთად ვართ, როგორც გუნდი და მისი ხელმძღვანელობა, ისე გულშემატკივრებიც. ასე ერთად ყოფნით წარმატების დიდი შანსი გვექნება. მით უმეტეს, რომ გასული სეზონის შემდეგ „ტორპედო“ თანდათან ძლიერდება და დარწმუნებული ვარ, ახალ ჩემპიონატში უკეთესადაც გამოვა. პრინციპში, ჩემპიონობისთვისაც შეიძლება ბრძოლა. დროა, რომ ქუთაისში დიდი ფეხბურთი დაბრუნდეს, რაც ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ და ყველა გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ იარონ თამაშებზე და მხარი დაუჭირონ ჩვენი ქალაქის ღირსების დამცველს, ქუთაისის „ტორპედოს“.
რაც შეეხება უშუალოდ ქომაგთა კლუბს, „ტორპედოს“ ხელმძღვანელებთან ერთად უკვე გავიარეთ რიგი საკითხები და „ჯუნგლებისთვისაც“ იგეგმება ატრიბუტიკის შეძენა. ჩვენი მხრიდან კი გპირდებით, რომ ტრიბუნებზე ბოლომდე დავიხარჯებით“.
ვრცელი ფოტომასალა იხილეთ – Facebook-ზე
FCTorpedo.ge