“ტორპედოს” მიმდინარე ჩემპიონატში ლანჩხუთელებთან მეორე ჭიდილი
ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის მატჩს ქუთაისის „ტორპედო“ 9 დეკემბერს სტუმრად ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ გამართავს, სადაც ლანჩხუთის „გურიას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და სავარაუდოდ, მისი პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაციაც განხორციელდება ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ბევრისთვის მოულოდნელად, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული „გურია“ მიმდინარე ჩემპიონატშივე ლიდერებს შორისაა. მართალია, ჩვენი მომდევნო მეტოქე საკუთარ სტადიონზე ვერ მასპინძლობს მეტოქეებს, თუმცა დაგროვილი ქულების უმეტესობა გურულებმა სწორედ „ჩელე არენაზე“ აიღეს. ეს არის, ამ ბოლოს, ლანჩხუთელთა ბანაკში ფინანსური პრობლემები მოეძალათ, რასაც 2-მატჩიანი წაგებათა სერია მოჰყვა. მიუხედავად ამისა, „გურია“ წინა ტურში გასვლაზე თბილისის „დინამოს“ ამარცხებდა, მაგრამ მეორე ტაიმში გაშვებული გოლებით ქულასაც კი ვერ გამორჩა(1:3). იქამდე კი ლანჩხუთელები შინ, ბოლნისის „სიონთან“ დამარცხდნენ(1:2).
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატში გუნდების ქუთაისური დაპირისპირება მინიმალური სხვაობით „ტორპედოს“ სასარგებლოდ დასრულდა(1:0). გამარჯვების გოლი გიორგი კუხიანიძის ანგარიშზეა – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=205.
პირველი ურთიერთშეხვედრისას გურულებს დავით მახარაძე თავკაცობდა, რომელიც მალევე მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკრაინელმა რომან პოკარამ ჩაანაცვლა. ცნობისთვის, ამ უკანასკნელის შეგირდები სათასო ასპარეზიდან მარტვილის „მერანმა“ გამოთიშა(1:2, 1:1). ამრიგად, მათ აქცენტის გასაკეთებლად მეორე ალტერნატივა აღარ დარჩათ და საუკეთესო ექვსეულში დასამკვიდრებლად ერთ-ერთ კონკურენტთან არაფერს არ დათმობენ. ისევე, როგორც ქუთათურები, რომლებსაც საპრიზო ადგილებზე მოსახვედრად ქულების დაგროვება სჭირდებათ.
„ტორპედოდან“ დისკვალიფიკაციის გამო დამდეგ მატჩს: ნიკა ჭანტურია და ნიკა ფირცხალავა გამოტოვებენ, რომლებსაც წინა შეხვედრაში მიღებული გაფრთხილებებით სამ-სამი ყვითელი ბარათი დაუგროვდათ.
რაც შეეხება ლანჩხუთელებთან არსებულ საერთო სტატისტიკას, პირველი დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების დღიდან ქუთაისური გუნდები(„ქუთაისი“, „ტორპედო“) ლანჩხუთის „გურიას“ სულ 35-ჯერ შეხვდნენ. აქედან 21 მატჩი ქუთაისელთა სასარგებლოდ დასრულდა, 9 – ლანჩხუთელთა, 5-ში კი გუნდებმა ქულები გაიყვეს. ბურთების შეფარდება იმერელთა სასარგებლოდაა – 78:41-ზე.
ყველაზე დიდი ანგარიშით „ტორპედოს“ უახლოესი მეტოქისთვის 1995 წელს – 5:0 აქვს მოგებული, ერთი წლის შემდეგ კი „გურიამ“ ჩემპიონატში ყველაზე დიდი ანგარიშით – 2:0 მოგვიგო. აქვე ერთ საინტერესო შედეგზეც, 2005 წელს, ეროვნულ თასზე ქუთაისურ-ლანჩხუთური დუელი ფრედ, ანგარიშით 5:5 დასრულდა.
FCTorpedo.GE