ტორპედოს მორიგი მარცხი
დღეს სამტრედიაში უმაღლესი ლიგის გადადებული მატჩი გაიმართა. ნეიტრალურ მოედანზე ლანჩხუთი “გურიამ” ქუთაისის “ტორპედოს” “უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა გუშინ, ქობულეთში უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩის ჩატარებას ხელი დიდთოვლობამ შეუშალა.
მატჩი ლანჩხუთელი ფეხბურთელების უპირატესობით დაიწყო რასაც სავსებით ლოგიკური გოლი მოჰყვა. თუმცა, გოლი ჩვეულებრივი ნამდვილად არ ყოფილა. ალექსანდრე კოშკაძემ მეშვიდე წუთზე ბურთი პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია მაქსიმე ქვილითაიას კარში. პირველი ტაიმის დარჩენილ წუთებში რომან პოკორას შეგირდები კარგად იცავდნენ თავს და ქუთაისელებს რეალური საგოლე მომენტები არც შექმნიათ.
მეორე ნახევარში “გურიამ” დათმო ინიციატივა და კონტრშეტევებზე ცდილობდა თამაშს, რაც გამოსდიოდა კიდევაც. თუმცა, არც ჟერარდ სარაგასოს ფეხბურთელები იყვნენ სტატისტების როლში. ნომინალური სტუმრები მომენტებს კი ქმნიდნენ, მაგრამ რეალიზაციაში მოიკოჭლებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს დაუწერელი საფეხბურთო კანონი ამოქმედდა და ტორპედო დაისაჯა. 67 წუთზე “ტორეპდოს” შეხვედრაში ყველაზე სახიფათო მომენტი შეექმნა, თუმცა ბობღიაშვილმა სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა და თავისი გუნდი გადაარჩინა. 71-ზე კი გურიამ წერტილი დასვა. გოლი, რომელიც ალექსანდრე შენგელიამ გაიტანა კვლავ სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა.
ფინანსურ კრიზისში მყოფი “გურია” აგრძელებს ფეხბურთის მოყვარულების გაკვირვებას საკმაოდ კარგი თამაშით. “ტორპედოში” კი სერიოზული პრობლემებია. გუნდში რაღაც რომ შესაცვლელია, ეს აშკარაა…
გურია: ბობღიაშვილი, ჩუენსი, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა, კილაძე, შენგელია, კოშკაძე (კაპ), შალამბერიძე, ისიანი.
სათადარიგოები: გოგუაძე, ჩაგელიშვილი, გაჩეჩილაძე, ტორონჯაძე, დარჩიძე, ჯოხაძე, ინგოროყვა.
მთ. მწვრთნელი: რომან პოკორა
ტორპედო: ქვილითაია, მთივლიშვილი, სანდოხაძე, ჭელიძე, უბილავა, ცინცაძე, გოროზია, გიგაური, კუხიანიძე, ჯიქია, კაპანაძე.
სათადარიგოები: მიქავა, ჩიტეიშვილი, ხიდეშელი, მზევაშვილი, მარკოზაშვილი, გავაშელიშვილი, ბარაბაძე.
მთ. მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი