“ტორპედოს” ფრე მცხეთაში
12 აპრილს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქვედა ექვსეულში ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ „მცხეთა პარკზე“ ესტუმრა.
შეხვედრის დასაწყისში ქუთაისელთა შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა, მეტოქის მეკარესთან შეჯახების გამო დაშავებული მამუკა ღონღაძე მოდნიდან საკაცით გაიყვანეს, მის ნაცვლად კიირაკლი ლექვთაძე ჩაერთო თამაშში, რომელმაც მოგვიანებით „ტორპედოს“ შემადგენლობაში მისი პირველი და მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა. თამაში ტაიმებს შორის შესვენებამდე ძირითადად თანაბარ შეტევებში მიმდინარეობდა. ასეთი სცენარის ფონზე ერთი საგოლე მომენტი იქნა რეალიზებული და ის ვიტელებმა „ითავეს“. 35-ე წუთზე, მათე კვირკვიამ დასწრებაზე ითამაშა კარგად და თანაგუნდელის გადაცემა გოლით დააბოლოვა – 1:0. მეორე ტაიმი კი ქუთაისელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, ჩვენი გუნდის სასარგებლოდ განსაკუთრებით შესამჩნევი სხვაობა გახლდათ ფიზიკურ მომზადებაში. 59-ე წუთზე, მოედანზე კიდევ ერთი დებიუტანტი დავით ხურციძე შევიდა, რომლის ფეხი საკმაოდ იღბლიანი გამოდგა, რადგან აქედან წამებში მარკოზაშვილის პასით ლექვთაძემ წონასწორობა აღადგინა – 1:1. დარჩენილ ნახევარ საათში ტორპედოელებმა უფრო მეტი ხიფათი შექმნეს, რომელთაგან საჭიროა აღინიშნოს, ჩიკვილაძის საჯარიმო დარტყმა, რომელიც ოდნავ არაზუსტი იყო, დამთავრებამდე 5 წუთით ადრე კი ლექვთაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ძელს მოარტყა ბურთი და საბოლოო ანგარიშიც ასეთი იყო – 1:1.
გუნდების შემადგენლობები, მატჩის სტატისტიკა – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=240
მომდევნო შეხვედრას ქუთაისის “ტორპედო” 18 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს, სადაც მასპინძლობას აუტსაიდერ მარტვილის “მერანს” გაუწევს.
FCTorpedo.GE