“ტორპედოს” სამზადისი „ვიტ ჯორჯიასთან“ მატჩისთვის
დღეს, დილით, ქუთათურებმა თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ დაპირისპირებამდე, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 30 სექტემბერს 17:00 საათიდან შედგება, ერთ-ერთი ბოლო ვარჯიში საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გამართეს.
ტაბატაძის ტრავმის შესახებ უკვე იცით, ვაჟას გარდა დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა ფორვარდ რევაზ ბარაბაძესაც არ მიუღია, რომელსაც ტრავმის გართულებისგან თავდაცვის მიზნით მცირეოდენი დასვენების საშუალება მიეცა. ყველა დანარჩენი ტორპედოელი კი მწყობრშია. დამდეგი მატჩის წინ კომენტარი ვთხოვეთ ჩვენი გუნდის მე-9 ნომერს.
დავით ჯიქია: „ჩემპიონატი ჩვენთვის მისაღები შედეგებით დავიწყეთ, მთავარია, არცერთი მატჩი არ წაგვიგია, თუმცა საგოლე მომენტების მეტი რეალიზება გვმართებს და იმედია ამ კომპონენტშიც უფრო გამოვასწორებთ თამაშს. „ვიტ ჯორჯიას“ რაც შეეხება, რომელიც, ვიცით, რომ ყველასთვის უხერხული მეტოქეა და განსაკუთრებით კი „ტორპედოსთვის“, ეს გუნდი სტაბილურია და ჩვენზე უფრო გამოცდილიც, მაგრამ ჩვენი ჟინითა და ახალგაზრდული შემართებით მჯერა, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ. ჩვენ სახლში ვთამაშობთ ძალიან მგრძნობიარე გულშემატკივრების წინაშე და უფლება არ გვაქვს, რომ ეს მატჩი თუნდაც ფრედ დავასრულოთ“.
FCTorpedo.GE