“ტორპედოს” საჭირო ქულები ზუგდიდელებთან
30 მარტს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულს შორის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ზუგდიდის „ზუგდიდმა“ მიიღო.
დღევანდელი თამაშის ტემპი საკმაოდ მაღალი იყო. ასე რომ არა, მოედანზე მოასპარეზე ფეხბურთელები ძნელად გაუძლებდნენ ზღვისპირას მდებარე სტადიონზე გაზაფხულისთვის შეუფერებელ სიცივეს. მატჩის პირველი ტაიმი ძირითადად ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა ტორპედოელთა შეტევები უფრო გააზრებული და მწვავე გახლდათ. საწყის ნახევარ საათში შექმნილი სახიფათო მომენტები მხოლოდ ქუთაისელთა აქტივში ჩაიწერა. მე-11 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ჩიკვილაძის ჩაწოდებით ბურთს მარკოზაშვილი გამოეხმაურა ნახტომში, მახვილი კუთხიდან თავით დარტყმულ ბურთს ზარქუა დაეუფლა პირველივე ცდაზე. მე-17 წუთზე, „ტორპედოს“ ლატვიელი მცველის ჩაწოდებულს ჩიკვილაძის არაზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა. 27-ე წუთზე, შორი მანძილიდან ლექვთაძემ ვერ მოახვედრა „ჩარჩოში“. 31-ე და 33-ე წუთებზე, მარკოზაშვილი იყო ორჯერ ახლოს ანგარიშის გახსნასთან, მაგრამ ჯერ მცველები გადაეღობნენ მის თავურ დარტყმას, მეორედ კი მან მეკარე ზარქუას „დაუფარა“ ფეხი, როცა ეს უკანასკნელი ბურთს იგერიებდა საჯარიმოდან, “მარკიზიოს” ოდნავ არ გაუმართლა და მასპინძლები გაშვებულ გოლს გადაურჩნენ. 44-ე წუთზე, რეაქციის გამოვლენა მოუწია კვასხვაძესაც, „ტორპედოს“ საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ ერთ-ერთმა ზუგდიდელმა ფეხბურთელმა დაჰკრა ბურთს, რომელიც ტორპედოელმა მეკარემ არ გაუშვა. აქამდე იყო სამუშიას დარტყმა, ბურთმა კარს ზემოდან ჩაუარა. გუნდები უგოლოდ გავიდნენ შესვენებაზე – 0:0.
მეორე ტაიმში თამაში კიდევ უფრო „გამოცოცხლდა“ და საგოლე ეპიზოდებიც მეტად მოხშირდა. 47-ე წუთზე, ც. სამუშიას ჩაწოდებით „ზუგდიდის“ მაკედონიელი ლეგიონერის თავური დარტყმით ბურთი ხარიხამ აისხლიტა. 48-ე წუთზე, სამუშია გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, დაარტყა კიდეც, მაგრამ კვასხვაძემ იმოქმედა დამაჯერებლად. 53-ე წუთზე, მარჯვენა მხრიდან ჩიკვილაძემ ჩაჰკიდა კუთხურიდან საჯარიმოში, ბურთს ჰაერში ერთ-ერთმა ფეხბურთელმა შეუცვალა მიმართულება, რის შემდეგაც ფხიზლად იმოქმედა მამუკა ღონღაძემ, რომელმაც ყველას დაასწრო და მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა იგი მეტოქის კარში – 0:1. 59-ე წუთზე, „კანუს“ შეეძლო მისი გუნდი აღარ ენერვიულებინა დარჩენილ დროში, მაგრამ მარკოზაშვილის პასით მან მეკარესთან პირისპირ გასვლით ვერ ისარგებლა. მდევრის რანგში მყოფებმა ერთ წუთში „მწარე“ პასუხის გასაცემად ცოტა დააკლდათ, კრკელიჩის მიერ თავით გადაგზავნილმა ბურთმა, სტუმართა კარს მცირე მანძილით ჩაუარა „გარედან“. შემდგომმა 20-წუთიანმა მონაკვეთმა ასევე დაძაბულად ჩაიარა. 85-ე წუთზე, კვერნაძემ დაჰკრა სახიფათოდ ზუგდიდელთა საჯარიმოში შესვლის შემდეგ, ბურთი ზარქუამ მოიგერია კუთხურზე, რომლის მოწოდებას მოჰყვა ღონღაძის მიერ მარცხენა ფეხით ოდნავ არაზუსტად შესრულებული დარტყმა. საბოლოოდ, ქუთათურებმა მატჩის გამარჯვებამდე მიიყვანეს(1:0) და საჭირო ქულებიც მოიპოვეს.
შემადგენლობები, სტატისტიკა, ფოტოგალერეა – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=238
FCTorpedo.GE