“ტოტენჰემმა” “ბრაიტონი” ერიქსენის ბრწყინვალე გოლით დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 35-ე ტურში ლონდონის “ტოტენჰემმა” საკუთარ კედლებში ჩემპიონატში დარჩენისთვის მებრძოლი “ბრაიტონი” მიიღო. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა ერთადერთმა გოლმა გაარკვია.
როგორც უკვე მოგახსენეთ, “სპურსი” დომინირებდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლებდნენ, რაც ალბათ ჰარი კეინის არყოფნას უნდა დავაბრალოთ. მასპინძლებმა 29-ჯერ გაისროლეს კარისაკენ, თუმცა კარის მიმართულებით ბურთი მხოლოდ 5 შემთხვევაში წავიდა.
ტოტალური უპირატესობის მიუხედავად “მამლები” ანგარიშის გახსნას ბოლო წუთებამდე ვერ ახერხებდნენ. თუმცაღა, შეხვედრის 89-ე წუთზე “ტოტენჰემის” დანიელმა ვარსკვლავმა, კრისტიან ერიქსენმა, ყველაფერი თავის თავზე აიღო და ულამაზესი გოლიც შეაგდო.
ასე რომ, “ტოტენჰემს” პრემიერ ლიგის 35 მატჩში 70 ქულა უგროვდება და დიდი ალბათობით, სეზონს ოთხეულში დაასრულებს. “ბრაიტონი” კი მე-17 პოზიციაზეა და სამი ქულით უსწრებს გასავარდ ზონაში მყოფ “კარდიფს”.