ტოტი: “მთელი კვირა ვფიქრობდი, როგორ გადამეღო “სელფი”
იტალიის სერია A-ს XVIII ტურში “რომასა” და “ლაციოს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. “მგელთაგან” ორივე გოლი გუნდის კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ გაიტანა, ერთ-ერთი გატანილი ბურთი კი “სელფის” გადაღებით აღნიშნა.
შეხვედრის შემდეგ ტოტიმ ორიგინალური აღნიშვნის შესახებ ისაუბრა.
“სამწუხაროდ, პირველ ტაიმში ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ორი გოლი მივიღეთ. ანგარიშის გათანაბრება რთული საქმე იყო, თუმცა ჩვენ ეს შევძელით და დავამტკიცეთ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა შეგვიძლია.
მთელი კვირის განმავლობაში ვფიქრობდი, როგორ გადამეღო “სელფი”. ახლა “სელფის” გადაღება მოდაში შემოვიდა და ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერც მე გავუშვებდი. ეს უნიკალური შანსი იყო, რომელიც შესაძლოა, აღარც კი განმეორდეს. ჩემივე ტელეფონით გადავიღე. გვიდო ნანის (“რომას” მწვრთნელი) ვთხოვე, თუ გავიტანდი, ჩემთვის ტელეფონი მოეცა”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს Football italia.