ტოტი: “იგუაინის “იუვენტუსში” გადასვლა ნამდვილი კატასტროფაა”
“რომას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ “ნაპოლიდან” ტურინის “იუვენტუსში” გონსალო იგუაინის გადასვლის შესახებ ისაუბრა და არგენტინელი ფეხბურთელი გააკრიტიკა. იტალიელის თქმით, თანამედროვე ფეხბურთელებისთვის პრიორიტეტული ფინანსებია.
“თანამედროვე ფეხბურთელები მოხეტიალეებს ჰგვანან. ისინი ფულით მოქმედებენ და არა – გულით. მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა გუნდის შეცვლა მხოლოდ იმიტომ, რომ ტიტული მოიგონ და მეტი თანხა მიიღონ. ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. ახლა ყველა ფულზე ფიქრობს. ემოციებსა და განცდებს ფულმა აჯობა. ხალხი დადის სტადიონზე იმისთვის, რომ იქ ერთგული ფეხბურთელები იხილოს. ფულის გამო სხვა გუნდში გადასული მოთამაშე ერთგული ვერ იქნება.
გონსალო იგუაინის “იუვენტუსში” გადასვლა ნამდვილი კატასტროფაა. როგორც ჩანს, სერია A-ში უცხოელი ფეხბურთელებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა მეტი თანხის მიღების მიზნით გუნდის შეცვლა. ეს მენტალიტეტის პრობლემაა. ყველა უცხოელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ვერ იქნება”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს Gazzetta World-ი.