“ტრაბზონსპორს” შოთა არველაძე ჩაიბარებს
თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ტრაბზონსპორს” შოთა არველაძე ჩაიბარებს.
ოთხშაბათს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ერსუნ იანალი გადადგა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის დასახელდა, რომ კლუბმა იანალის მიერ მოთხოვნილი ფეხბურთელები ვერ დაიმატა. გარდა ამისა, თურქი მწვრთნელის გადადგომის მიზეზად “ტრაბზონსპორის” ფინანსური პრობლემები სახელდება.
კლუბიდან ერსუნ იანალის წასვლის შემდეგ, “ტრაბზონსპორის” წარმომადგენელმა საჯაროდ განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ კანდიდატად შოთა არველაძე მოიაზრება. თურქული წყაროების თანახმად, ქართველი სპეციალისტი “ტრაბზონსპორთან” კონტრაქტს ხუთშაბათს გააფორმებს.
გუნდი უეფას ევროპის ლიგის 2015/16 წლების გათამაშებაზე მონაწილეობს და ტურნირს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ფეხბურთელის რანგში თურქული კლუბის ღირსებას 1993–1997 წლებში იცავდა.