ტრაგედიები, რომლებიც ფეხბურთში აქამდე მომხდარა
პარიზში „სტად დე ფრანსთან“ საფრანგეთი – გერმანიის ამხანაგური მატჩის მიმდინარეობისას ტერორისტული აქტი მოხდა. ბოლო წლებში ფეხბურთის ისტორიას კიდევ არაერთი მსგავსი შემთხვევა ახსოვს.
უკრაინა
1995 წლის 20 ოქტომბერი
1995 წელს უკრაინაში „შახტარი“ – „ტავრიას“ მატჩის დროს სტუმართა სექტორზე აფეთქების ხმა გაისმა, რის შედეგად ექვსი ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენელი დაიღუპა. როგორც შემდგომ გაირკვა, ტერაქტი ადგილობრივი მაფიის კონფლიქტის გამო მოხდა და ის კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ იყო დაგეგმილი. საბედნიეროდ, ამ შემთხვევას არც ფეხბურთელებისა და არც გულშემატკივრების სიცოცხლე არ შეეწირა.
ერაყი
2013 წლის 30 ივნისი
ერაყში ადგილობრივი შიიტებისა და სუნიტევის დაპირისპირება 2013 წლის ზაფხულში ერაყის ორ სტადიონზე აფეთქების მიზეზი აღმოჩნდა. პირველ შემთხვევაში, შვიდი ადამიანი დაშავდა, მეორე ტერაქტი კი, ბავშვთა საფეხბურთო სკოლების მატჩისას დაიგეგმა და მას ოცზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ბაღდადის მახლობლად ამავე პერიოდში ათ სხვადასხვა ტერაქტს ორმოცდაათამდე ადამიანი ემსხვერპლა.
ნიგერია
„მუბი“ – „ოლიმპიკი“
2014 წლის 1 ივნისი
რადიკალური ისლამურ დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ გასული წლის ზაფხულში ნიგერიას ტერაქტებით პირდაპირ ემუქრებოდა, რის გამოც ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა, რომელმაც, სამწუხაროდ, კლუბ „მუბის“ ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების სიცოცხლეების გადარჩენა ვერ შეძლო. ერთ-ერთი მატჩის დროს სტადიონთან აფეთქება მოხდა, რომელმაც ორმოცზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ჩინეთი
„სეპახანი“ – „ალ-ახლი“
2012 წლის 21 სექტემბერი
„სეპაჰანსა“ და „ალ-ახლის“ შორის აზიური ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს გულშემატკვირებმა მინდორზე სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყეს, რის გამოც მსაჯმა თამაში შეაჩერა. რამდენიმე წამში სტადიონთან აფეთქების ხმა გაისმა. როგორც გაირკვა, ეს ყუმბარის აფეთქების ხმა იყო. საბედნიეროდ, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
პაკისტანი
ამხანაგური მატჩი
2013 წლის 7 აგვისტო
2013 წლის ზაფხულში პაკისტანში ერთ-ერთი მატჩის შემდეგ სტადიონთან დატოვებულ მოტოციკლს ბომბი ჰქონდა მიბმული, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ასევე 20 პირი დაშავდა. როგორც პოლიციამ გაარკვია, აფეთქების ორგანიზატორები ერთ-ერთი ადგილობრივი პროვინციის მინისტრის მოკვლას აპირებდნენ.
რუმინეთი
„ბრაშოვი“ – „რიმნიკუ“
2015 წლის 5 ნოემბერი
„ბრაშოვსა“ და „რიმნიკს“ შორის რუმინეთის მეორე დივიზიონის შეხვედრისას სტადიონთან ახლოს მდებარე პურის ქარხანიდან აფეთქების ხმა გაისმა. უსაფრთხოების მიზნით მსაჯებმა მატჩი შეაჩერეს, მაყურებლები კი გაიყვანეს. ქალაქ ბაროშივის მერის განცხადებით, აფეთქება ქარხანაზე ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვიეს. სამწუხაროდ, ქარხნის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ორი კი რეანიმაციაში გადაიყვანეს