ტრანსფერების მოლოდინში

თარიღი: იანვარი 18, 2014

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება და კლუბებიც სავარაუდოდ ამ პერიოდში ძალიან აქტიურები იქნებიან. 

ინგლისი

„ჩელსი“

რამოდენიმე დღის წინ ინგლისში ზამთრის ყველაძე ძვირადღირებული ტრასნფერი შედგა. „ბენფიკადან“ ნემანია მატიჩის ტრანსფერში „ჩელსიმ“ 25 მილიონი ევრო გადაიხადა და 25 წლის სერბი ხუთი წლით გაიფორმა. ტრანსფერი რა თქმა უნდა გააძლიერებს „ჩელსის“, თუმცა „არისტოკრატებს“  კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება ნამდვილად არ აწყენდათ. ფაქტია, რომ ტორესი და ეტო’ო გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებენ და „ჩელსის“ აუცილებლად ესაჭიროება გამტანი ცენტრფორვარდი.

 

„მანჩესტერ იუნაიტედი“

მანჩესტერელებს გაძლიერება ყველა პოზიციაზე არ აწყენდათ, მაგრამ ყველაზე პრობლემატური განაპირა მცველების და ცენტრალური ნახევარმცველის ზონებია. შეტევაში წითლები კრეატივის ნაკლებობას განიცდიან, სწორედ ამის გამო გაემგზავრა დევიდ მოიესი იტალიაში. გავრცელებული ხმების თანახმად „მანჩესტერი“ „იუვენტუისდან“ მარკიზიოს შეძენით არის დაინტერესებული. ბოლო დროს კი, მარეკ ჰამშეკის მიმართ ინტერესზეც საუბრობენ. თუმცა, რამდენად მოისურვებენ ეს ფეხბურთელები, მძიმე მდგომარეობაში მყოფ „მანჩესტერში“ გადასვლას, საკითხავიც სწორედ ეს არის.

 

„არსენალი“

ვენგერის პრიორიტეტი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შემტევი ნახევარმცველი იქნება. გერმანული პრესის ცნობით „არსენალი“ „შალკედან“ დრაქსლერის ტრანსფერზე მუშაოს, რომლის კონტრაქტში მითითებული სატრასფერო ღირებულება 45,5 მილიონ ევროს აღწევს. თუმცა, ეს თანხა „არსენალის“ ბოსებს არ აშინებთ. ჩემპიონობის მოსაპოვებლად „არსენალი“ მზად არის დიდი თანხაც დახარჯოს.

მაგრამ, ამ ტრანსფერის განხორციელებას შესაძლოა „ტოტენჰემმა“ შეუშალოს ხელი. საქმე იმაშია, რომ ლონდონური კლუბის ბოსები ლიუის ჰოლტბის „შალკეში“ გადასვლას ეწინააღმდეგებიან, რაც ავტომატურად გამორიცხავს გელზენკირხენული კლუბიდან დრაქსლერის წასვლას.

 

გერმანია

 

„ბორუსია“

დორტმუნდელების ერთ-ერთმა ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის „ბაიერნთან“ გააფორმა კონტრაქტი, თუმცა სეზონს პოლონელი „ბორუსიაში“ ჩაამთავრებს. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში დორტმუნული კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად იმუშავებს ახალი თავდამსხმელის დამატებაზე.
გერმანული პრესის ცნობით, „ბორუსიას“ ინტერესთა სფეროში მოხვდნენ კარიმ ბენზემა, დიეგო კოსტა, ბენტეკე და ჯექსონ მარტინესი.

თუმცა, რაიმე ტრანსფერის განხორციელებას ალბათ უფრო ზაფხულში უნდა ველოდოთ. ამ ეტაპზე კი, მთავარი მიზანი გიონდოგანის შენარჩუნება და მასთანა ახალი ხელშეკრულების გაფორმება იქნება.

 

იტალია

 

„ინტერი“

 

მილანურ კლუბში პრეზიდენტის თანამდებობაზე ერიკ ტოჰირის მოსვლის შემდეგ, ზაფეხბურთო საზოგადოებამ გაითვიცნობიერა, რომ სწორედ „ინტერი“ იქნება ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს. თავად ინდონეზიელმა კი ნათლად მიანიშნა ყველას, რომ „საყიდლებზე წასვლას“ ის ზაფხულში გეგმავს. თუმცა, კონკრეტული პოზიციების ზამთარში გაძლიერებას ეს არ გამორიცხავს. მითუმეტეს, რომ გუნდი შესაძლოა რამოდენიმე ლიდერმა დატოვოს.   მაგალითად ფრედი გუარინის გადაბირებით „ჩელსი“ არის დაინტერესებული. ტოჰირმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს ვერ შეინარჩუნებს, თუ მას წასვლა გადაწყვეტილი აქვს.
თავის მხრივ „ინტერი“ კი პრეტენზიას „რეალის“ ფორვარდ ალვარო მორატაზე აცხადებს და მზად არის ესპანელში 13 მილიონი ევროც გადაიხადოს.
„რომა“ , „იუვენტუსი“

 

იანვრის დასაწყისში „რომამ“ „კალიარიდან“ ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი გაიფორმა, რამაც „მგლების“ შუახაზში კონკურენცია გაზარდა. შეთანხმების საფუძველზე რომაელები ჯერ 3 მილიონს, შემდეგ კი დარჩენილ 6,5 – ს გადაიხდიან.
აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ სხვა აქტივობას აღარ უნდა ველოდოთ.

„იუვეს“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი „სასუოლოს“ ახალგაზრდო ფორვარდი დომენიკო ბერარდია. „მილანთან“ შესრულებულმა პოკერმა 19 წლის ფორვარდის ავტორიტეტი ისე აამაღლა, რომ ფორვარდის თამაშით პრანდელიც კი დაინტერესა და არ არის გამორიცხული ბერარდი ბრაზილიაშიც კი ვიხილოთ.

 

„ნაპოლი“

რაფაელ ბენიტესმა რამოდენიმე დღის წინ 1 ან 2 ახალწვეული დაანონსა, თუმცა ფეხბურთელთა ვინაობის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
იტალიური პრესის ცნობით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი თავად გაემგზავრება ლონდონში, სადაც „ტოტენჰემის“ წარმომადგენლეთან ეტიენ კაპუს ტრანსფერზე დაილაპარაკებს. მეორე პოტენციური ახალწვეული კი „ვერონელი“ ჟორჟინიო არის.

 

ესპანეთი

 

„ბარსელონა“

 

გასული კვირის მთავარი ნიუსმეიქერი „ბარსელონელი“ ჩავი იყო, რომელიც ბედსაც აქტიურად უკავშირებდნენ ამერიკაშ გადაბარგებას.   ამასთან ერთად აქტიურად იწერებოდა დორტმუნდელი გიუნდოგანის და რომაელი პიანიჩის „ბარსაში“ გადასვლის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი „ბორუსიასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, ხოლო პიანიჩს ნაინგოლანის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა „რომაში“.
ჩავიმ კი კვირის ბოლოს „ამერიკოლ ოცნებაზე“ გავრცელებული ხმები უარყო.

სხვა პოზიციებს რაც შეეხება, კლუბი აქტიურად არის დაკავებული გოლკიპერის პოვნით. რაც ვალდესის სავარაუდო წასვლას უკავშირდება. დიდი ალბათობით, „ბარსას“ მომავალი კიპერი 21 წლის მარკო-ანდრე ტერ შტეგენი გახდება, რომელიც გლადბახის „ბორუსიას“ ღირსებას იცავს და საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურება.

ასევე, ფაქტობრივად გადაწყვეტილია ჩელსის ცენტრალური მცველის, დავიდ ლუისის დამატება.  ბრაზილიელში კატალონიელები 35 მილიონ ევროს გადაიხდიან.

მსგავსი სიახლეები