ტრიბუნალმა “კოლხეთის” მოთამაშეთა დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეცვალა
გუშინ გაიმართა საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის სხდომა, რომელიც განიხილავდა „კოლხეთი 1913“-ის სამი ფეხბურთელის სარჩელს. თორნიკე ჯიმშელეიშვილი, ბორის მახარაძე და ზურაბ არზიანი ასაჩივრებდნენ სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე „კოლხეთი 1913“-ის ხუთ მოთამაშეს დაუწესდა 6-თვიანი დისკვალიფიკაცია, ხოლო კლუბს დააკლდა 6 ქულა.
სპორტული ტრიბუნალის დირექტორმა ზურაბ ბიწაძემ მოისმინა რა მხარეთა პრეტენზიები, არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. ამასთანავე ტრიბუნალმა, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, მიიჩნია, რომ პირველივე შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ზომის შეფარდება და დაადგინა: „დისკვალიფიკაციის დაკისრებიდან ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ვადა ჩაითვალოს მოხდილად, ხოლო დარჩენილი ვადა 2019 წლის 4 იანვრამდე ჩაითვალოს გამოსაცდელ ვადად“.
Gff.Ge