ტროი დინი: “ვარჯიშები იწყება, მაგრამ მე ვარჯიშს არ ვაპირებ”
“უოტფორდის” კაპიტანი, ტროი დინი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ის ვარჯიშის განახლებას არ აპირებს, რადგან არ სურს საკუთარი ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას.
როგორც იცით, პრემიერ ლიგის გუნდებმა დღეს საკუთარ ბაზებზე არაკონტაქტური ვარჯიშები განაახლეს.
დინი აცხადებს, რომ მის შვილს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნია, ამიტომაც გუნდთან ერთად ვარჯიშს თავს არიდებს.
“არ მინდა, რომ ვირუსი სახლში მივიტანო. ჩემი შვილი ხუთი თვისაა და მას სუნთქვის გაძნელება აქვს. არ მინდა, რომ მას უფრო მეტი საფრთხე შევუქმნა. შინ იმავე ჭუჭყიანი ტანისამოსით უნდა დავბრუნდე. თუ ჩემი ტანსაცმელი ჩემი შვილის ან მეუღლის სამოსთან ერთად მოხვდება, რისკი კიდევ უფრო გაიზრდება. მამა, ბებია და და ბაბუა დავკარგე… დავკარგე თითქმის ყველა, ვისზეც ვზრუნავდი. ამიტომ, ჩემთვის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რამდენიმე ფუნტი შარვლის უკანა ჯიბეში
ჩვენი გუნდი ვარჯიშებს ამ კვირაში იწყებს, მაგრამ მე ვთქვი, რომ სავარჯიშო პროცესში არ ჩავერთვები. პრემიერ ლიგის კლუბების კაპიტნებისა და სამედიცინო ექსპერტების შეხვედრაზე ვიმყოფებოდი. მე იქ მარტივი შეკითხვა დავსვი. ფერადკანიანი, აზიელი და სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ფეხბურთელები, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ დაინფიცირებულები იყვნენ, არის დამატებითი ზომები მიღებული იმისათვის, რომ მათ განსაკუთრებული გამოკვლევა ჩაუტარდეთ? არა.
ივლისის შუა რიცხვებამდე სილამაზის სალონში ვერ წავალ და ვარცხნილობას ვერ შევისწორებ, მაგრამ მოედანზე, საჯარიმოში 19 ადამიანთან ერთად უნდა ვიყო და ბურთისათვის ვიბრძოლო. შეკითხვაზე ვერავინ მპასუხობს, რადგან მათ პასუხის გაცემა არ უნდათ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ. მე კი ვამბობ – თუ თქვენ ინფორმაცია არ გაქვთ, რატომ უნდა გავრისკო?” – ციტირებს 31 წლის თავდამსხმელის სიტყვებს “ბიბისი”.
როგორც ცნობილია, პრემიერ ლიგის განახლება ივნისში იგეგმება. რაც შეეხება ტროი დინის, კლუბს მასთან დაკავშირებით პრობლემა არ გააჩნია.