წინ მზადების მესამე ფაზაა
2015 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე 32 დღე რჩება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სარაგბო მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმისთვის მზადების პროცესის დიდი ნაწილი უკან მოიტოვა და მესამე ფაზას ინგლისში შეუდგება, სადაც ბორჯღალოსნები 24 აგვისტოს გაემგზავრებიან.
მზადების პირველი ორი ფაზა საკმაოდ დამღლელი და ინტენსიური ვარჯიშებისგან შედგებოდა. ბორჯღალოსნები ივნისის ბოლოს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, 2015 წლის თბილისის თასის დასრულების შემდეგ შეიკრიბნენ. პირველი ფაზა სამ კვირიან ფიზ-მომზადებაზე ორიენტირებული ვარჯიშებს წარმოადგენდა. ამ პერიოდში ვარჯიშებს ნაკრების ფიზ-მომზადების მწვრთნელთა ჯგუფი ინგლისელი სპეციალისტის, ინგლისის ნაკრების ყოფილი მაწრთობის, ქელვინ მორისის ხელმძვანელობით უძღვებოდა.
პირველი ფაზის დასრულებისა და ერთკვირიანი დასვენების შემდეგ, ბორჯღალოსნები მზადების მეორე ფაზას შეუდგნენ, რომლის განმავლობაში ნაკრებმა 9 დღე შევარდენზე დაჰყო, ხოლო 10 დღის მანძილზე პოლონეთში, ცეტნიევოს ოლიმპიურ ცენტრში ივარჯიშა. აქ უკვე წრთობის კურსი კრიოთერაპიის თანხლებით მიმდინარეობდა – ბორჯღალოსნებს ყოველი ვარჯიშის შემდეგ 2–3 წუთიანი პროცედურა სპეციალურ კრიო–კამერებში უტარდებოდათ, სადაც ტემპერატურა მინუს 120 გრადუსია, და ამით ძალთა აღდგენა ჩქარდებოდა.
ჩვენმა ნაკრებმა პოლონური შეკრება 15 აგვისტოს დაასრულა და დაბრუნდა საქართველოში. ბორჯღალოსნები მიმდინარე მზადების პროცესის განმავლობაში მეორედ დაისვენებენ და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 24 აგვისტოს მესამე ფაზისთვის ინგლისში გაემგზავრებიან.
მსოფლიო თასის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები სამ საკონტროლო მატჩს ინგლისის ‘ავივა პრემიერშიპის’ ‘ნიუქასლ ფალკონზთან’, კანადისა და იაპონიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.
მსოფლიო თასზე ბორჯრალოსნები პირველ შეხვედრას 19 სექტემბერს ტონგას წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა ჩვენი დროით 15 საათზე დაიწყება.
ქართული რაგბის ქომაგების საყურადღებოდ:
- ბორჯღალოსნების მსოფლიო თასის რაზმი (31 მოთამაშე) 1 სექტემბერს დასახელდება
- ბორჯღალოსნების 2015 წლის მსოფლიო თასის სათამაშო ფორმის პრეზენტაცია მოხდება აგვისტოს ბოლომდე.