წინგადადგმული ნაბიჯი – „ტორპედო“ საფეხბურთო სკოლას აფუძნებს
სასიამოვნო სიახლე – მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ფუნქციონირებას დაიწყებს ქუთაისის „ტორპედოს“ საფეხბურთო სკოლა, რომელიც რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის ტერიტორიაზე დაფუძნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქუთაისის მერიაში გამართულ კრებაზე მიიღეს, რომლის თავმჯდომარე ქალაქის მერი, ბატონი შოთა მურღულია იყო.
რა პირობებში და როდიდან იფუნქციონირებს „ტორპედოს“ ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, ამ და სხვა დეტალებზე ჩვენი კლუბის აღმასრულებელი დირექტორისგან შეიტყობთ.
ზურაბ ჩაკვეტაძე: „ქუთაისის მერიაში ჩატარდა სხდომა, სადაც ჩემ მიერ წარდგენილი წინადადება სკოლის პროექტთან დაკავშირებით მოიწონეს და ხელი მოეწერა გადაწყვეტილებას სკოლის დაფუძნების შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ბავშვთა საფეხბურთო სკოლის შექმნა ჩემი ოცნება იყო და სასიხარულოა, რომ ჩემი დანიშვნიდან უმოკლეს დროში ქალაქის ხელმძღვანელობის უდიდესი თანადგომით გადაწყდა ეს საკითხი და ქუთაისში ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელ საქმეს ჩაეყარა საფუძველი, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ დოკუმენტების დონეზეა და წინ დიდი სამუშაო გვაქვს. აქამდე სტადიონის ტერიტორიაზე არსებობდა სხვადასხვა საფეხბურთო სკოლა, მაგრამ ისინი „ტორპედოს“ არ ეკუთვნოდა. როდესაც სხვა სკოლიდან გვიწევს ბავშვის აყვანა, დადგენილი წესია, რომ აუცილებლად ვიხდით აღზრდა-განვითარების თანხას იმ სკოლის სასარგებლოდ, რისი ფუფუნებაც ჩვენ არ გაგვაჩნია, უმჯობესი იქნება ეს თანხა მოხმარდეს სკოლის განვითარებას და აღიზარდონ ისეთი ბავშვები, რომლებიც გამოადგებიან “ტორპედოს” ძირითად შემადგენლობას. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არავითარ ფინანსურ მოგებაზე არ გვაქვს გათვლა. ვინაიდან, კლუბის ბიუჯეტში ამ ეტაპზე არ იყო გათვალისწინებული სკოლასთან დაკავშირებული ხარჯები, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებაა, ეს სკოლა იყოს ფასიანი და მშობელი იმ თანხას, რომელსაც შეიტანს „ტორპედოს“ ანგარიშზე, მოხმარდეს მწვთნელებს და საზოგადოდ, სკოლის განვითარებას.
ჩვენ ვესაუბრეთ იმ სკოლების წარმომადგენლებს, რომლებიც აქამდე სარგებლობდნენ ჩვენი სტადიონის ტერიტორიაზე არსებული მწირი სავარჯიშო საშუალებებით. გამოითქვა სხვადასხვა აზრი, თუმცა წინააღმდეგი არავინაა, რომ “ტორპედოს” ბავშვთა სკოლის სტრუქტურას შემოუერთდეს. ჩვენ გვინდა, რომ არ დავკარგოთ არც ერთი კარგი ბავშვი და კვალიფიციური მწვრთნელი. ისინი თავიანთი საქმის სპეციალისტები არიან, რომლებსაც დაემატება კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მწვრთნელი. მათი დაინტერესებაც ის იქნება, რაც უფრო მეტი ბავშვი ეყოლებათ, მით მეტი ექნებათ ანაზღაურებაც, მაგრამ ბავშვები რომ მოვიდნენ, ამისათვის შესაფერისი ინფრასტრუქტურაა საჭირო, ამიტომ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. როგორც იცით, „ტორპედოს“ ბაზაზე გვაქვს თითო სტანდარტული ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ასევე, გვაქვს ჯერ კიდევ გამოუყენებელი ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოსაწყობი მასალა. გუნდის მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, რომ იგი სტადიონზე წამოვიღოთ და ჩვენი ძალებით გავაკეთოთ 60X40-ზე მეტრი ზომის სინთეტიკურსაფარიანი მოედანი ბავშვებისთვის. გარდა ამისა, გაკეთდება პატარა ტრიბუნაც.
ალბათ, მიმდინარე წლის აგვისტოში უკვე გამოვაცხადებთ ახალი საფეხბურთო სკოლისთვის ბავშვების მიღებას და სექტემბრის შუაში მოვაწყობთ სკოლის პრეზენტაციას. ფაქტობრივად, შიშველი ხელებით დავიწყეთ ეს საქმე და თანდათან უფრო გავაუმჯობესებთ. ასეთი ჩანაფიქრი გვაქვს და ღმერთის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება“.
ბატონმა ზურაბმა გუნდის დაკომპლექტებასა და მიმდინარე კონკურსის შესახებაც ისაუბრა:
„მცირე დეტალებიღა დარჩა დასაზუსტებელი და გუნდიც საბოლოოდ ჩამოყალიბდება ახალი სეზონისთვის. როგორც ვფიქრობთ, გუნდი საკმაოდ ძლიერი იქნება. მოლაპარაკებების რთული პროცესი გავიარეთ, რათა კლუბის ბიუჯეტის ფარგლებში ჩავმჯდარიყავით. ბიჭებიც გარკვეულ დათმომებზე წავიდნენ და ყველა მათგანი გვერდით დაგვიდგა. მნიშვნელოვანია, რომ კლუბში ასეთი ურთიერთგაგებაა, რამაც კარგი შედეგი უნდა მოიტანოს.
რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი ახალ ლოგოსა და ძირითადი სათამაშო ფორმის დიზაინთან დაკავშირებით. თუ ვიმსჯელებთ მოცემულობიდან გამომდინარე, ბოლოდროინდელი ლოგოს შეცვლა აუცილებელი იყო, რადგან გაუგებრობას იწვევდა მისი ფერები, როცა ყვითელ-მწვანეს წითელიც დაემატა, ამიტომ ჩვენ სათანადოდ ვიხელმძღვანელეთ და კონკურსის მოთხოვნად დავაწესეთ ქალაქის ფერებთან შესაბამისობა. ჩვენ უნდა გვქონდეს ახალი ლოგო, ამ უკანასკნელის შესაბამისი ფერების ძირითადი ფორმა, პლუს, 2 სათადარიგო. აქვე აღვნიშნავ, რომ არსებული თეთრი და შავი ფორმა ისევ ექნება გუნდს.
ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ კომპეტენტურ ადამიანებს და დავაზუსტეთ, რომ „ტორპედო“ საბჭოთა კავშირის დროს ძირითადად თამაშობდა თეთრი და წითელი ფერის მაისურებით, ხოლო დამოუკიდებლობის მიღებიდან, ცოტა არ იყოს რთული სიტუაცია იყო, რადგან გუნდი საშუალების მიხედვით იძენდა ფორმებს და არც ლოგო იყო ჩამოყალიბებული და სტაბილური. იმ პერიოდისგან განსხვავებით, ჩვენ შევქმნით კარგად აღსაქმელ და მუდმივ იერსახეს კლუბისა. მოხარული ვარ, რომ კონკურსის ნამუშევრები ყოველდღიურად შემოდის. სხვათა შორის, ამ ბოლოს შემოვიდა 1-2 ისეთი ნამუშევარიც, რომელთა საფუძველზე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მაგარი ლოგო. როგორც იცით, კონკურსის პირველი ეტაპი 15 ივლისამდე გაგრძელდება. შექმნილი კომისია, სადაც იქნებიან ისეთი ადამიანები, რომელთა გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და ყველასთვის მისაღები, შეარჩევს ორ საუკეთესო ვარიანტს, რომლებიც ინტერნეტში განთავსდება და გამოკითხვის გზით გულშემატკივრებს ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება. მოკლედ, ჩვენ გვექნება მოწესრიგებული იერსახე, გვეყოლება ძლიერი გუნდი და გვექნება წარმატებული საფეხბურთო სკოლა, დანარჩენი კი მოედანზე გადაწყდება“.
FCTorpedo.GE