ცხინვალელებთან მატჩის წინ
ხუთშაბათს, 6 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ცხინვალის საფეხბურთო კლუბ “სპარტაკს” უმასპინძლებენ.
ქალაქ ცხინვალის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბებთან “ზესტაფონის” პირველ დაპირისპირებებს 2005-2006 წლების საფეხბურთო სეზონში ჰქონდა ადგილი – მაშინ იმერლებმა ორჯერ (2-0 და 3-1) უმაღლეს ლიგაში იმ პერიოდში მოასპარეზე “ცხინვალი” დაამარცხეს. რაც შეეხება უშუალოდ ცხინვალის “სპარტაკს”, ამ კლუბის წინააღმდეგ მარგველებმა პირველად 2007-2008 წლების სეზონში იასპარეზეს.
ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და ცხინვალის “სპარტაკს” ერთმანეთში 17-ჯერ უასპარეზიათ: 11 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა (აქედან 7-ჯერ 3 და მეტი ბურთის სხვაობით), 4 დასრულდა ფრედ, 2 კი მოიგეს ცხინვალელებმა. შესაბამისად, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში დიდ უპირატესობას ზემოიმერელი ფეხბურთელები ფლობენ – 43:16.
აღსანიშნავია ისიც, რომ მარგველთაგან ცხინვალელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილსა და ჯაბა დვალს დაუმწუხრებიათ – ორივე ფეხბურთელის ანგარიშზე 9-9 გატანილი გოლია. რატი წინამძღვრიშვილსა და შოთა გრიგალაშვილს კი “ზესტაფონის” მაისურით ასპარეზობისას “სპარტაკის” კარი 4-4-ჯერ აქვთ აღებული …
ცხინვალის “სპარტაკთან” ხუთშაბათს გასამართი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
FCZestafoni.GE