„ცხინვალმა“ „გურია“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა
საქართველოს უმაღლესი ლიგის 23-ე ტურის მატჩში „ცხინვალმა“ „მიხეილ მესხის“ სათადარიგო სტადიონზე ლანჩხუთის „გურია“ მიიღო და დამაჯარებელი ანგარიშით 3:0 სძლია.
შეხვედრის პირველი ნახევარი ორმხვრივი შეტევებით გამოირჩა. მესამე წუთზე კობა შალამბერიძემ მეტოქის კარისკან შორიდან დაარტყა. მასპინძლებმა სტუმრებს მომენტალურად უპასუხეს – ერთ წუთში მეტოქის საჯარიმოსთან ბურთი მახარობლიძეს მიუვიდა, რომლის დარტყმულიც ლანჩხუთელთა კარს სულ მცირე მანძილით ასცდა. ცოტა ხანში „გურიის“ კარის მიმართულებით კაჭარავამაც დაარტყა, თუმცა მეკარისთვის ამ დარტმულის აღება პრობლემას არ წარმოადგენდა. „ცხინვალის“ თავდამსხმელი აქტიურობით მე-16 წუთზეც გამოირჩა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ლანჩხუთელთა საჯარიმოში შეიჭრა და პასი ივანიშვილს გაუკეთა, რომლის დარტმულიც კვლაც მეკარე გოგუაძემ მოიგერია. „გურიის“ მხრიდან აქტიური კობა შალამბერიძე იყო, რომელიც მუდმივად ფლანგიდან უტევდა. 38-ე წუთზე „ცხინვალს“ კიდევ ერთი შანსი გაუჩნდა – მახარობლიძე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი კაჭარავას გადასცა, რომელსაც გოლამდე სულ ცოტა დააკლდა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მეორე ნახევარში სტუმრებმა მოუმატეს და ბურთის ფლობითაც გამოირჩნენ. ასე, 66-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან ალექსი ბენაშვილი დაიძრა და რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, შეტევის ლოგიკურ დასრულებამდე მიყვანამდე კი სულ ცოტა დააკლდა – ბურთი მეტოქის კარს ასცდა. 72-ე წუთზე ცხინვალელთა კარის აღება საჯარიმოს გარეთ დარტყმით მოსიაშვილმა სცადა, თუმცა ისევ უშედეგოდ. როგორც აღმოჩნდა, ეს გამოუყენებელი მომენტი „გურიას“ ძვირად დაუჯდა – ერთ წუთში მიხეილ გოგუაძემ ივანიშვილის დარტყმული მოიგერია, თუმცა დამატებაზე კაჭარავამ ივარგა და ანგარიშიც გახსნა – 1:0. 80-ე წუთზე იმავე კაჭარავამ მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს დუბლის შესრულება არ გაუჭირდა – 2:0. აღსანიშნავია, რომ სტუმრები მეორე გოლს აპროტესტებდნენ, რამეთუ ის მათ კარში საეჭვო მდგომარეობიდან გავიდა. კაჭარავამ მონაწილეობა მესამე გოლშიც მიიღო, როცა 86-ე წუთზე მეკარესა და მცველებს აჯობა, რის შემდეგაც შეცვლაზე შესულ შინდაგორიძეს ცარიელ კარში გოლის გატანა არ გასჭირვებია.
საბოლოოდ, 3:0 და 36 ქულით „ცხინვალი“ სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზეა, ხოლო „გურია“ 32 ქულით მერვე პოზიციაზე დარჩა.
„ცხინვალი“ – „გურია“ 3:0
გოლები: კაჭარავა 73′, 80′, შინდაგორიძე 86′
„ცხინვალი“: ნადირაძე, კაჭკაჭიშვილი, კილასონია, მახარობლიძე (მაისაშვილი 88′), ჯიშკარიანი, ივანიშვილი, თარხნიშვილი, ლექვთაძე (შინდაროგიძე 63′), ცერცვაძე, ქარდავა (იმედაშვილი 68′), კაჭარავა
„გურია“: გოგუაძე, ცინცაძე, მჭედლიშვილი, ჭეიშვილი, ბენაშვილი, კოშკაძე, შალამბერიძე, მოსიაშვილი (მათიაშვილი 81′), გაბრიჩიძე, კილაძე, წილოსანი (ისიანი 81′)
გაფრთხილებები: კაჭკაჭშვილი 38′ – შალამბერიძე 24′, გაბრიჩიძე 83′