ცხოვრება ოთხ ფერში
ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე თვენახევარზე ნაკლები დრო დარჩა. ადგილობრივი მოსახლეობა მოუთმენლად ელის მუნდიალის სტარტს, თუმცა მათ შორის ერთი კაცი განსაკუთრებით გამოირჩევა.
ეს ამბავი 20 წლის წინათ, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიწყო. აშშ-ის მუნდიალის ფინალში ბრაზილიისა და იტალიის ნაკრებები გავიდნენ. ჩემპიონატის დაწყებამდე ბრაზილიელმა ადვოკატმა ნელსონ პავიოტიმ პირობა დადო, თუ გავიმარჯვებთ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩემი ქვეყნის დროშის ფერებში გამოწყობილი ტანსაცმლით ვივლიო. ის ფინალური შეხვედრა ბრაზილიელებმა პენალტების სერიაში მოიგეს, პავიოტი კი სიტყვის გატეხვას არ აპირებდა და იმ დღიდან მოყოლებული ამ დრომდე ბრაზილიის დროშის ფერებშია გამოწყობილი. 63 წლის ბრაზილიელი ადვოკატის კარადაში მხოლოდ ყვითელი, მწვანე, ლურჯი და თეთრი (ბრაზილიის დროშის ფერები) ფერის ტანისამოსი მოიძებნება, სახლი, ოფისი, ავტომობილი – ყველაფერს „სელესაოს“ ფერები აქვს.
დავიწყოთ სამზარეულოთი. ნელსონი მხოლოდ იმ საკვებს მიირთმევს, რომელსაც ყვითელი, მწვანე, თეთრი და ლურჯი ფერები აქვს. ამ ფერების შეფერილობა ძირითადად ხილ-ბოსტნეულს აქვს. შესაბამისად, ნელსონი ჯანსაღი საკვებით იკვებება. მაგიდის გადასაფარებელი, სკამები, კედლები – აქ ყველგან ბრაზილიის დროშებია.
ნელსონის ავტომობილიც ბრაზილიის დროშებით არის აჭრელებული. სამსახურშიც და სასამართლოშიც ამ უცნაური მანქანით დადის. არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ავტომობილის შეფერილობა იქცევდეს ხალხის ყურადღებას. ნელსონს მანქანის თავზე ხმის გამაძლიერებელი აქვს დამონტაჟებული, ბრაზილიის ჰიმნს რთავს და ისე მიდის, თან ქუჩიდან მომღიმარი ბრაზილიელი ესალმებიან.
„თავს პატრიოტად ვთვლი, რომელსაც ბრაზილია უყვარს, უყვარს ეს მიწა და ეს ხალხი. იმედი მაქვს, რომ ბრაზილიას დიდებული მომავალი ექნება, უკეთესი ცხოვრების იმედით ვარ.
მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ბრაზილია იქნება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მრავალი მესიჯი გავუგზავნოთ მსოფლიოს. იმის დამოუკიდებლად, მოვიგებთ თუ ვერა ჩემპიონატს, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ აქ ვართ, ჩვენ ვაჩვენებთ, რა არის ნამდვილი ბრაზილია. მსოფლიოს ჩემპიონატი და ფეხბურთი ხომ ხალხს აერთიანებს?!“ – აცხადებს პავიოტი.
ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com