ცხრა ფრანგი ვუნდერკინდი – ახალი მბაპეს ძიებაში
ფეხბურთი ის სპორტი გახლავთ, სადაც მოცემულობები ყოველ წამს იცვლება. სულ ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ, რა საფეხბურთო სამყარო 18 წლის კილიან მბაპეს გასაოცარმა შესაძლებლობებმა გააკვირვა, როდესაც “მონაკომ” ჩემპიონთა ლიგაზე საოცრებების დატრიალება შეზლო.
“მონაკოში” გაბრწყინების შემდეგ კილიან მბაპე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის მთავარი გმირი გახდა – ახალგაზრდა ფრანგი შემტევი “პარი სენ-ჟერმენში” გადაბარგდა მსოფლიოს ყველაზე მომაკვდინებელი ტრიოს შექმნის იმედით (ნეიმარი – მბაპე – კავანი).
და კიდევ, მან უკვე მოასწრო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.
წელს კილიანი 21 წლის გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთის ნაკრების სელექციონერებმა უკვე დაიწყეს მომავალი “ოქროს ბიჭუნის” ძიება. ჩვენ გთავაზობთ 9ფრანგ ვუნდერკიდს, რომელმაც, შესაძლოა, მბაპეს წარმატება გაიმეოროს.
ხეფრენ ტურამი (“მონაკო”)
სიმბოლური იქნება, თუ ახალი მბაპეს ძიებას “მონაკოდან” დავიწყებთ. ამჯერად წარმატებას 18 წლის ნახევარმცველ ხეფრენ ტურამს უწინასწარმეტყველებენ, რომლის დებიუტიც უკვე შედგა ჩემპიონთა ლიგაზე, რასაც გუნდის ყოფილ თავკაც ტიერი ანრის უნდა ვუმადლოდეთ.
წინათგრძნობა არ გღალატობთ – ხეფრენი საფრანგეთის ნაკრების ლეგენდის, ლილიან ტურამის მეორე ვაჟი გახლავთ. შესაძლოა, უახლოეს მომავალში ხეფრენი მამამისის ნაკვალევს გაუყვეს, რამდენადაც მისი ტრანსფერით “იუვენტუსია” დაინტერესებული.
<
1994 წლის 31 აგვისტო: 17 წლის ტიერი ანრის დებიუტი შედგა “მონაკოს” რიგებში, მან ლილიან ტურამის მხარდამხარ ითამაშა.
2018 წლის 28 ნოემბერი: ტიერი ანრის 17 წლის ხეფრენ ტურამი “ატლეტიკოსთან” შეყავს მოედანზე – სადებიუტო მატჩი pic.twitter.com/l8CmwJoQ33
— Jakob Kapanadze (@BlaCK80766679) May 25, 2019
ხეფრანი საკმაოდ კრეატიული დაცვითი ტიპის ნახევარმცველი გახლავთ, რომელსაც სწრაფად შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ეს უკანასკნელი საფრანგეთის U16, U17 და U18 ნაკრებებს წარმოადგენდა. მართალია, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოხვდა, თუმცა სავარაუდოა, რომ სულ მალე გამოიძახებენ ძირითად ნაკრებშიც – რამდენად შეძლებს მამამისის რეკორდის გამეორებას (142 მატჩი ნაკრებში), ეს მეორე საკითხია.
უილიამ სალიბა (“სენტ-ეტიენი”)
უილიამ სალიბა 18 წლის ასაკში “სენტ-ეტიენის” დაცვის ერთ-ერთ ბურჯად იქცა. 193 სმ. სიმაღლის სალიბას ფიზიკური კონდინციები საშუალებას აძლევს, თავი საჯარიმოს მმართველად იგრძნოს.
სალიბა აგრეთვე გამოირჩევა ფსიქოლოგიური მომზადებითაც, ასაკის მიუხედავად, ეს უკანასკნელი რიგ შემთხვევაში სწორ და კარგად აწონილ-დაწონილ გადაწყვეტილებებს იღებს.
სალიბას მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები იჩენენ და მათი სკაუტები რეგულარულად აკვირდებიან ფეხბურთელს, რომელიც ყოველ ორ მატჩში საშუალოდ ერთ დრიბლინგს გვთავაზობს.
ენცო ლუაოდისი (“დიჟონი”)
Transfermarkt-ის მიერ 5.50 მილიონ ევროდ შეფასებული ენცო ლუაოდისი საფეხბურთო სამყარომ მიმდინარე სეზონში, ლიგა 1-ის მასშტაბით ჩატარებულ მატჩებში გაიცნო.
18 წლის ახალგაზრდა ვარსკვლავი გამორჩეულად შედეგიანია მაღალი პრესინგის თამაშისას. მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი მომავალ სეზონში ლიგა 2-ში იასპარეზებს, დარწმუნებული იყავით, რომ ენცოს მატჩებს სკაუტები არ მოაკლდებათ.
მიმდინარე სეზონში ენცომ საფრანგეთის ჩემპიონატში 851 წუთი ითამაშა.
ბუბაქარ კამარა (“მარსელი”)
მართალია, ბუბაქარი ჯერ კიდევ 19 წლის გახლავთ, თუმცა ამ უკანასკნელმა უკვე შეძლო “მარსელის” დაცვის ხაზში თავისი ადგილის დამკვიდრება და დღეს ის ძირითადის მოთამაშედ განიხილება.
ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა 2018/19 წლების სეზონში ლიგა 1-ის 27 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და ლიგა 1-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინანტიც გახდა (პრიზი მბაპემ მოიგო).
საჰაერო ორთაბრძოლებში ახალგაზრდა ფეხბურთელი უდავოდ დომინირებს. მიმდინარე სეზონში მან 64 საჰაერო ორთაბრძოლის მოგება შეძლო, რაც მეხუთე საუკეთესო მაჩვენებელი გალავთ საფრანგეთის ჩემპიონატში. კამარა არც ტექნიკურობას უჩივის, რაც დღევანდელ ფეხბურთში საკმაოდ ძლიერი იარაღია მცველისთვის.
დაიმახსოვრეთ მისი სახელი. მისი ტრანსფერით ლონდონის “ჩელსია” დაინტერესებული.
ბუბაქარ კამარას სტატისტიკური მაჩვენებელი 2018/19 წლების სეზონში ✨ pic.twitter.com/3UHV76xAHF
— Jakob Kapanadze (@BlaCK80766679) May 25, 2019
ბუბაქარი სუმარე (“ლილი”)
“პარი სენ-ჟერმენის” ახალგაზრდული აკადემიის მიერ აღზრდილმა სუმარემ საკუთარი შესაძლებლობები სრულად “ლილში” გამოამჟღავნა და მალევე გახდა სკაუტების სასურველი სამიზნე.
მართალია, მარსელო ბიელსა ახალგაზრდა ნახევარმცველს დიდად არ წყალობდა, თუმცა კრისტოფ გალტიერმა ეს უკანასკნელი საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ აქცია.
ენერგიულმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 552 წუთი დაყო მოედანზე და 42-ჯერ შეძლო ბურთის დაბრუნება გუნდისთვის. ბუბაქარი რთულ მოქმედებებს ისე ასრულებს, რომ თითქოს ყველაზე ადვილი რამ იყოს.
მომდევნო სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე, ნამდვილად უნდა დააკვირდეთ ამ ფეხბურთელს.
ამინ გუირი (“ლიონი”)
19 წლის ამინ გუირის ნამდვილად ფანტასტიკური მაჩვენებელი აქვს საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებებში – ფრანგ თავდამსხმელს პირად აქტივში 38 მატჩში გატანილი 36 გოლი უგროვდება.
“ლიონის” ახალგაზრდა ტალანტმა 2017 წლის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირის პრიზიც მიიღო – ოთხ მატჩში მან რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და რვაჯერ შეძლო მეტოქე გუნდების კარის აღება.
დამაგვირგვინებელი ფაზის “ფინიშერი” იმედოვნებს, რომ კარიმ ბენზემასა და ალექსანდრე ლაკაზეტის ნაკვალევს გაყვება და პირველ რიგში “ლიონში” შეძლებს წარმატებების მიღწევას.
იასინ ადლი (“ბორდო”)
“პარი სენ-ჟერმენში” ჩათვალეს, რომ ერთი ადრიენ რაბიო საკმარისი იყო (ადლისა და რაბიოს ვარცხნილობა ძალიან გავს ერთმანეთს) და იასინ ადლი “ბორდოში” გაუშვეს თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად.
18 წლის ადლის კრეატიულობა გამოარჩევს, თუმცა ჩამოთვლილთაგან განსხვავებით, ადლის გუირის კატეგორიის ფეხბურთელებს მივაკუთვნებთ, რომელთაც თავიანთი პოტენციალი ბოლომდე არ გამოუმჟღავნებიათ.
ადილ ოჩიჩე (“პსჟ”)
17 წლის ადილი სწორედ ის ფეხბურთელი გახლავთ, რომლითაც “პარი სენ-ჟერმენის” აკადემიას შეუძლია იამაყოს. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ტომას ტუჰელმა მას ძირითად გუნდში თამაშის უფლებაც მისცეს.
ახალგაზრდა შემტევმა ახალგაზრდულ ჩემპიონატში არაერთხელ შეძლო თავის გამოჩენა, ისევე როგორც ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატში და სავარაუდოა, რომ მომავალში ნაკრების შეუცვლელ ფიგურად იქცეს.
ლენი პინტორი (“ლიონი”)
ჩვენ სიაში “ლიონის” კიდევ ერთი ფეხბურთელი მოხდა – საუბარია პინტორზე, რომელიც ორი უძლიერესი ფეხით არის დაჯილდოვებული.
მსგავსად ჩამოთვლილი ფეხბურთელებისა, ლენიმაც 2017 წელს მიიპყრო სკაუტების ყურადღება. ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში მან ხუთჯერ შეძლო გოლის გატანა და “ლიონს” მეოთხედფინალებში გასვლაშიც დაეხმარა.
პინტორი სისწრაფით გამოირჩევა და უმეტესად მარჯვენა ფეხით არჩევს დარტყმას. მართალია, ჯერაც ვერ შეძლო “ლიონის” ძირითადში მოხვედრა, თუმცა პოლონეთში ჩასატარებელი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, დიდი ალბათობით, ვითარება შეიცვლება.
ბონუსი: 17-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო გოლი
Euro U17 goal of the tournament – Enzo Millot pic.twitter.com/xUHc3jhkTz
— Juniuer (@juniuer) May 20, 2019