წლის პირველი ოფიციალური მატჩის მოლოდინში
18 თებერვალს, საქართველოს ოფიციალური საფეხბურთო გათამაშებები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის პირველი 1/4 ფინალური მატჩებით განახლდება. მათგან ერთ-ერთს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, სადაც ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრის რანგში ითამაშებს ს. კ. „სამტრედიას“ წინააღმდეგ. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და მის ინტერნეტ-ტრანსლაციას ჩვენს ვებ-გვერდზე შემოგთავაზებთ.
„სამტრედიამ“, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრე მე-3 ადგილზე დაასრულა, სათასო გათამაშების 1/4 ფინალამდე ქედის „ბეთლემისა“(3:0, 4:1) და ბათუმის „დინამოს“(1:4, 3:0) ბარიერები გადალახა. ქუთაისელთა მსგავსად, უცხოური შეკრება სამტრედიელებმაც თურქეთის კურორტ ბელეკში გაიარეს, სადაც მათ 4 საკონტროლო მატჩი შემდეგ გუნდებთან ჩაატარეს: პოლონური „პიასტი“(1:3), სამხრეთკორეული „ჟეჟუ იუნაიტედი“(1:1), მოლდოვური „შერიფი“(0:1) და რუსული „ტერეკი“(1:1).
ზაზა ზამთარაძის გაწვრთნილ გუნდში რამდენიმე ახალწვეულია. საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ზურაბ ხიზანიშვილთან(თბილისის” დინამოდან”) ერთად „სამტრედიაში“ ჩაირიცხნენ რევაზ თევდორაძე(“ზუგდიდიდან”), თორნიკე გრიგალაშვილი, ლევან შარიქაძე, თორნიკე კაპანაძე(სამივე „ზესტაფონიდან“) და დავით ბოლქვაძე(„მერანიდან“). სამტრედიელთათვის ასევე ძალას წარმოადგენენ – დავით კვირკველია, გულვერდ თომაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, გიგა ბეჭვაია, გრიგოლ დოლიძე, თორნიკე გორგიაშვილი, რევაზ გეწაძე, გიორგი გაბედავა, ილია კერძევაძე და სხვანი.
მიმდინარე სეზონში პირველი(ჯერჯერობით უკანასკნელიც) იმერული დერბი ჩემპიონატის მე-6 ტურში შედგა. სამტრედიაში „ტორპედომ“ რევაზ ძოძუაშვილის თავკაცობით გელა სანაიას გაწვრთნილი „სამტრედია“ ოთარ კვერნაძის გოლით დაამარცხა(1:0). გთავაზობთ 21 სექტემბერს ჩატარებული მატჩის პროტოკოლს – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=253.
ბოლოსკენ, გუნდებს შორის არსებულ საერთო სტატისტიკაზეც უნდა ვთქვათ – დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების დღიდან „ტორპედო“(ძველად – „ქუთაისი“) 5 სხვადასხვა სახელწოდების მქონე სამტრედიურ გუნდსაა შენახვედრი(„შევარდენი“, „ლოკომოტივი“, „იბერია“, „სანავარდო“ და „სამტრედია“). მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: სულ უმაღლეს ლიგაში იმერეთის ქალაქების წარმომადგენლებმა 25 ურთიერთშეხვედრა გამართეს, რომელთაგან 13 ქუთაისელებმა მოიგეს, 7 – სამტრედიელებმა, ხოლო 5 კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდებაშიც უპირატესობა „ტორპედოს“ მხარესაა – 39:24. საპირისპირო სურათია სათასო დუელებში, აქ უპირატესობა „სამტრედიას“ აქვს – 4-დან 3 მატჩი ჩვენი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, 1-ც კი ფრედ მორჩა. ბურთების შეფარდება – 1:6.
ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთათურებმა სამტრედიელები 5:0, 1999 წელს დაამარცხეს, ხოლო უდიდესი ანგარიშით კი 1:3, 1997 წელს დამარცხდნენ.
მაშასადამე, ამ ქალაქებს შორის დამდეგი ოფიციალური იმერული დერბი რიგით 30-ე იქნება.
FCTorpedo.GE