ცნობილი ხდება მაგუაირის დაკავების დეტალები – ფეხბურთელის და დაჭრეს
გუშინ გაუწყეთ, რომ საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი ჰარი მაგუაირი დააკვეს.
ცნობილი ხდება ინციდენტის დეტალები. ადგილობრივი გამოცემა “მიკონოს ვოისი” იუწყება, რომ მაგუაირი და ბრიტანელი ტურისტების ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ყველაფერი კი ფეხბურთელისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” შეურაცხყოფით დაიწყო, კონფლიქტი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც მოთამაშის და ხელში ბლაგვი საგნით დაჭრეს. ახლობელი ადამიანის დაჭრამ მაგუაირი განარისხა, ტურისტებს თავს დაესხა და კარგი სპორტული მომზადების ხარჯზე მათ იოლად გაუსწორდა.
საჭირო გახდა სამართალდამცველების გამოძახება. მაგუაირი ეცადა, პოლიციის წარმომადგენლებისთვის მომხდარი აეხსნა და მათ საჯარიმო თანხის გადახდაც კი შესთავაზა, რაც სამართალდამცველებმა მოსყიდვის მცდელობად აღიქვეს და საბოლოო ჯამში, ის დააკავეს.
ბერძნული მედიის თანახმად, ჰარი მაგუაირი უკვე გაათავისუფლეს.