წყალბურთი: 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა!
“ოლიმპკის” საცურაო აუზში მიმდინარეობს წყალბურთში ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის D ჯგუფის მატჩები. სწორედ ამ ჯგუფში ასპარეზობენ ქართველი ახლაგაზრდებიც.
13 მაისს ჩვენი ნაკრები ჯგუფის ლიდერს, საფრანგეთს დაუპირისპირდა. მატჩი თავიდან ბოლომდე ქართველთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 7-1 დასრულდა. ცხაკაიამ და წულუკიანმა დუბლები შეასრულეს. ხოლო, ხოხაშვილმა, კუჭუაშვილმა და ჭეიშვილმა თითო-თითოჯერ გამოიჩინეს თავი.
ამ გამარჯვების შემდეგ ქართველებს 9 ქულა დაუგროვდათ, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა საუკეთესო ორ გუნდს შორის მოსახვედრად და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად! ჩვენი ნაკრები ქულებით საფრანგეთს გაუთანაბრდა. თუმცა, მათ ფრანგებზე ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული. მესამე და მეოთხე ადგილზე შვეიცარია და ჩეხეთი არიან (3-3 ქულა). ხოლო, ბოლო პოზიციას კვიპროსი (0 ქულა) იკავებს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები დასკვნით მატჩს 14 მაისს ჩეხების წინააღმდეგ გაამართავს.
ევროპის ჩემპიონატი მალტაში წელს, 11-დან 17 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. იქ საუკეთესო ათი გუნდი ავტომატურად მოხვდება მსოფლიოს ჩემპიონატზე!